ქართული პრესის მიმოხილვა 01.08.2024

26 ოქტომბერს ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ხმას ელექტრონულად მისცემს – გამორიცხავს თუ არა გაყალბებას ახალი ტექნოლოგიები?
რა “შემხვედრ ნაბიჯებს” ელის თბილისი ვაშინგტონისგან – პრემიერი კვლავ “ურთიერთობის გადახედვაზე” საუბრობს
პუტინი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას მკვეთრად ზრდის – როგორ აისახება ეს ფრონტზე
* * *
26 ოქტომბერს ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ხმას ელექტრონულად მისცემს – გამორიცხავს თუ არა გაყალბებას ახალი ტექნოლოგიები?
“საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება 28 ივლისს დასრულდა, რომლის მიზანი იყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას სწორედ ამ ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ახალი ტექნოლოგიები გაყალბებას გამორიცხავს, თუმცა, ოპოზიციას კითხვები აქვს. ახალმა ტექნოლოგიებმა ტესტირება 6-28 ივლისის პერიოდში 64 მუნიციპალიტეტში გაიარა, პროექტი აღნიშნული პერიოდის ყოველ შაბათ-კვირას, ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევდა შეერჩია მისთვის სასურველი ლოკაცია, მონაწილეობა მიეღო იმიტირებულ კენჭისყრაში და ენახა თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატურა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ხმას ელექტრონულად მისცემს – გამორიცხავს თუ არა გაყალბებას ახალი ტექნოლოგიები?
“ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ახალ ტექნოლოგიებს არაერთი თავდაცვითი მექანიზმი აქვს, რაც გაყალბებას თითქმის სრულიად გამორიცხავს. მისი თქმით, დამთავრდება სპეკულაციები ეგზიტპოლებზე და ხმების პარალელურ დათვლებზე. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კი თვლის, რომ რამდენიმე კითხვის ნიშანი არსებობს, მათ შორის ის თუ პირადობის მოწმობის რეგისტრაციისას, პროგრამა მხოლოდ იმას ამოწმებს, ეს პირი არის თუ არა უბნის ამომრჩეველთა სიაში, მაგრამ არ აკეთებს ამომრჩევლის იდენტიფიცირებას მისი ბიოლოგიური პარამეტრებით – სახის, თვალის, ან თითის ანაბეჭდის იდენტიფიცირებით. ამიტომ, მისი თქმით, დამკვირვებლებისგან თუ კომისიის წევრებისგან პირველ რიგში შესამოწმებელი იქნება ის, რომ პირადობის მოწმობის წარმდგენი მართლა ის პირია, თუ სხვისი პირადობის მოწმობა აქვს ხელში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველოს ისტორიაში ეს უნიკალური არჩევნებია, როცა პირველად საარჩევნო უბნების 90%-ზე მეტი ხმას ელექტრონულად მისცემს. საერთაშორისო კომპანიის ორი სხვადასხვა აპარატია – ერთია რეგისტრატორი, მეორე, ელექტრონული საარჩევნო ყუთი, სადაც ბიულეტენის შეცურება მოხდება. რაც მთავარია, საარჩევნო ყუთი ინდივიდუალურად ფუნქციონირებადია და ინტერნეტთან არანაირად არაა შეერთებული, რაც ჰაკერულ თავდასხმას გამორიცხავს. ბიულეტენებს ორნაირად ითვლიან, ერთია ელექტრონულად, რომელიც 8 საათის მერე საერთო სურათს აჩვენებს, მერე ამ ე.წ. ჩეკის მერე, ჩაგდებული ბიულეტენების ხელით ითვლება, კომისიის წევრების მიერ. იქ ყველაფერი გამოჩნდება, რომელ პარტიას მისცეს ხმა და რომელი ბიულეტენია გაფუჭებული. მთვლელი იმითაცაა უნიკალური, რომ შეუძლებელია სხვა ამომრჩეველი სხვა უბანზე მივიდეს, აპარატი ხმოვან სიგნალს იძლევა, რომელიც რეგისტრატორს აქვს და ეს ელექტრინული პირადობის მოწმობით უნდა დაფიქსირდეს, ანუ აქ ე.წ. კარუსელები გამორიცხულია. ასეთი თავდაცვითი მექანიზმაბი არაერთია და მე პირადად მინახავს თუ შუალედურ არჩევნებში (ფოთში და ვანში) ეს სისტემა როგორ მუშაობდა. საკმაოდ ეფექტურია და ნებისმიერი ამომრჩევლისთვის გასაგები. ბიულეტენი კი არ უნდა შემოხაზო, არამედ პატარა წრე უნდა გააფერადო, რასაც მთვლელი კითხულობს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“ცესკომ გიგანტური შრომა გასწია, უწყება არ დარჩა, კერძო თუ საჯარო სექტორი, სადაც ცესკოს ხელმძღვანელობა არ წავიდა და არ ჩაატარა პირობითი არჩევნები. 99.99% არანაირი ხარვეზი არ აქვს, თუ უბანზე ელექტროენერგია გაითიშა, სისტემა მაინც მუშაობს. ეს საქართველოში მანამდეც უნდა ყოფილიყო, ძალიან ეფექტურია, თუმცა აპარატურა საკმაოდ ძვირია. აქ უკვე სპეკულაციები გამორიცხულია, რომ ბიულეტენები ჩაყარეს, ან კარუსელები იყო შავბნელი მეთდებით და ა.შ. ამომრჩეველი მხოლოდ ერთ უბანზე მიდის და თავის აიდი ბარათს სხვა უბანზე ვეღარ გამოიყენებს, შედეგებიც უკვე ძალიან ადრე გახდება ცნობილი. წინასწარი შედეგები სადღაც ცხრის წუთებზე გვეცოდინება. დამთავრდება სპეკულაციები ეგზიტპოლებზე და ხმების პარალელურ დათვლებზე, როცა მაგალითად 2020 წელს “ისფედმა” მანიპულაციები ჩაატარა. რადიკალების მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე საუბრისას უფრო იმაზე იქნება აპელირება, რომ ხალხი დააშინეს, მოისყიდეს, ჩაერია, (ოღონდ რანაირად ეს გაუგებარია). ძირითადად აპელირება საარჩევნო პროცესზე იქნება, რომ თითქოს თავისუფალი არ იყო”, – დაასკვნის გია აბაშიძე.
“ელექტრონული კენჭისყრის სხვადასხვაგვარი მოდელი არსებობს. იმ მოდელზე, რომელიც ჩვენთანაა გამოყენებული, პირველი კითხვის ნიშანი მაშინ ჩნდება, როდესაც უბანზე მისული ამომრჩევლის რეგისტრაცია ხდება. რეგისტრაცია ტარდება ასე – უნდა წარადგინოთ პასპორტი, ან ელექტრონული პირადობის მოწმობა, მას სათანადო მოწყობილობაში ათავსებენ, რომელიც ადასტურებს, ან უარს ამბობს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ამ უბნის ამომრჩეველია და თუ დაადასტურა, მაშინ ბიულეტენი ეძლევა. აქ ჩნდება ასეთი ტიპის პრობლემა, მაგალითად, მისული (პირობითად) პეტრიაშვილი სინამდვილეში პავლიაშვილია, ანუ სხვისი პირადობის მოწმობით მივიდა. პირადობის მოწმობის რეგისტრაციისას, პროგრამა მხოლოდ იმას ამოწმებს, ეს პირი არის თუ არა უბნის ამომრჩეველთა სიაში, მაგრამ არ აკეთებს ამომრჩევლის იდენტიფიცირებას მისი ბიოლოგიური პარამეტრებით – სახის, თვალის, ან თითის ანაბეჭდის იდენტიფიცირებით. ამიტომ დამკვირვებლებისგან თუ კომისიის წევრებისგან პირველი შესამოწმებელი იქნება ის, რომ პირადობის მოწმობის წარმდგენი მართლა ის პირია, თუ სხვისი პირადობის მოწმობა აქვს ხელში. თუმცაღა, თუ პირადობის მოწმობის მფლობელი ამომრჩეველთა სიაში არაა, ამას პროგრამა ზუსტად იტყვის”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
“შევსებული ბიულეტენი სათანადო მოწყობილობაში თავსდება, რომელიც ადგენს მისცა თუ არა ვინმეს ხმა ამომრჩეველმა. მოგეხსენებათ, რომ ამომრჩეველმა ხმის მიცემისას უნდა გააფერადოს პარტიის წინ არსებული წრე, ანუ შემოხაზვა აღარ არის, რასაც ხალხი მიჩვეულია. თუ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იქნა გაფერადებული, მაშინ მანქანა იტყვის, რომ ეს ბიულეტენი ბათილია. მემგონი, სადღაც წრის 30 თუ 40% მაინც უნდა იყოს გაფერადებული, რომ პროგრამამ თქვას – ბიულეტენი ნამდვილია. ყუთი, სადაც მანქანიდან ბიულეტენი ვარდება, ორი სექციისგან შედგება, ერთში ბათილი ბიულეტენები ცვივა, მეორეში – დადგენილი, თუ ვის მისცა ხმა ამომჩეველმა, რაც კომპიუტერში აღირიცხება. თან, ამ დროს, პროგრამულად სრული ანონიმურობაა დაცული – მას მერე, რაც მანქანა ბიულეტენს წაიკითხავს, უკვე ვეღარავინ გაარკვევს ვის მიერ იყო შევსებული – ესე იგი, ფარულობა სრულიად დაცულია”, – განაგრძობს კონსტიტუციონალისტი.
“როგორც კი ბოლო ამომრჩეველი ხმას მისცემს, უბანი იხურება და რამდენიმე წუთში მანქანა კენჭისყრის შედეგებს ამობეჭდავს – ანუ იტყვის რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რამდენი ბიულეტენი იყო ბათილი, რამდენი ნამდვილი და რომელმა პარტიამ რამდენი ხმა მიიღო. ეს ე.წ. წინასწარი მონაცემებია, რომელიც ვებ გვერდზე უნდა აიტვირთოს და ყველას შეგვეძლოს ნახვა თუ მანქანამ რა დაადგინა. თუმცაღა, ამის მერეა შესაძლებელი შედეგების გაყალბება, რა დროსაც დიდი ყურადღებაა საჭირო. რა მაქვს მხედველობაში – მას მერე, როცა მანქანა შედეგს ამობეჭდავს, საუბნო კომისიამ ყუთიდან ბათილი ბიულეტენები უნდა ამოიღოს, ყველა დაათვალიეროს, ხომ არაა მათ შორის ისეთი, რომელიც მანქანამ კი ბათილად ჩათვალა, მაგრამ ოდნავ იყო გაფერადებული და თვალით ჩანს, რომ ამომრჩეველმა კონკრეტულ პარტიას მისცა ხმა. საუბნო კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, სცნოს თუ არა ეს ბიულეტენი ნამდვილად და თუ სცნო, მაშინ ოქმი უნდა შეადგინოს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მაგალითად, ოცი ბათილი ბიულეტენიდან ხუთი ნამდვილი აღმოჩნდა. შემაჯამაბელ ოქმში კი, შესაბამისი კორექტივი უნდა იყოს შეტანილი”, – ამბობს ხმალაძე.
“ეს ნაკლებადსახიფათოა – აქ იმის ალბათობა დაბალია, რომ ისეთი ბიულეტები ბევრი იქნება, რითაც მანიპულაციებს შეძლებენ და არჩევნების შედეგებში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანენ. ამის მერე უკვე სერიოზული სიყალბის ჩადენა შეიძლება, ისეთი ტიპის, რაც ხელით დათვლისას მომხდარა ხოლმე. საქმე ისაა, რომ კანონის თანახმად, მანქანის მიერ დადგენილი შედეგი, კენჭისყრის მხოლოდ წინასწარი შედეგია. ყუთში ჩაყრილი ნამდვილი ბიულეტენები კომისიამ ხელით უნდა გადათვალოს. იურიდიული ძალა კი, ხელით დათვლილ და დადგენილ შედეგს აქვს. ხელით გადათვლისას, რასაკვირველია შეიძლება მოხდეს ის, რომ მთვლელმა ერთი პარტიისთვის მიცემული ხმა სხვა პარტიას დაუდოს. ეს უკვე მანქანის მიერ დადგენილ შედეგთან განსხვავებას მოგვცემს. თუ მანქანის მიერ დათვლილსა და ხელით დათვლილს შორის, მნიშვნელოვანი განსხვავება აღმოჩნდა, ეს სერიოზულ და საფუძვლიან ეჭვს ბადებს პირველ რიგში ხელით დათვლილი შედეგის მიმართ”, – მიიჩნევს რესპონდენტი, რომლის აზრით, თუ ხელისუფლება გაყალბებაზე წავიდა, არჩევნების ლეგიტიმურობას არავინ არ აღიარებს.
“წინა წლებში დამთვლელი მანქანებით არჩევნები უკვე არაერთ უბანში გაიმართა და რაც ხარვეზები აღმოჩნდა, შემდგომ გასწორდა და ბოლო პერიოდში მანქანების მიმართ პრეტენზია აღარ გამოთქმულა. ამიტომ ეჭვი უფრო ხელით დათვლილი შედეგების მიმართ გაჩნდება და ბუნებრივია, ეს უბანზე დადგენილი შედეგის გასაჩივრების საფუძვლად იქცევა, როგორც ზემდგომ კომისიაში, ასევე სასამართლოში. თუ ხელისუფლებამ ნამეტანი თავზე ხელი არ აიღო, ის სერიოზულ გაყალბებაზე არ უნდა წავიდეს, რადგან თუ ამდაგვარი რაღაცა მოხდა, გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არავინ არ აღიარებს. ბიულეტენების ხელით გადათვლისას დიდი ყურადღებაა საჭირო”,- დასძენს ვახტანგ ხმალაძე.
რა “შემხვედრ ნაბიჯებს” ელის თბილისი ვაშინგტონისგან – პრემიერი კვლავ “ურთიერთობის გადახედვაზე” საუბრობს
“სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს, ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს ხელისუფლებისგან სამ მთავარ საკითხზე ელიან ნაბიჯების გადადგმას, თუმცა, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი აცხადებს, ის ვაშინგტონისგან აქეთ ელის “შემხვედრ” ნაბიჯებს და მისი თქმით, “მაშინვე მოხდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვა”. სამი მთავარი საკითხი, რაზედაც 30 ივლისს ამერიკელმა მარალჩინოსნებმა იმსჯელეს იყო – დემოკრატიული და თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმება, ან ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და აღარ იხილებოდეს ჩინეთი, როგორც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის შემქმნელი. ანალიტიკოსთა ნაწილი აღნიშნავს, რომ კობახიძის პოზიცია, რომ აქეთ ითხოვს შემხვედრ ნაბიჯს, სწორია. ნაწილი კი ამბობს, რომ -სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭების მთავარი მიზეზი “ქართული ოცნებაა” და კობახიძემ იცის, რომ სანამ კანონი არ გაუქმდება აშშ-სგან არანაირი შემხვედრი ნაბიჯები არ გადაიდგმება, თუმცა, რეალურად ეს “ოცნების” ამომრჩეველზეა გათვლილი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა “შემხვედრ ნაბიჯებს” ელის თბილისი ვაშინგტონისგან – პრემიერი კვლავ “ურთიერთობის გადახედვაზე” საუბრობს.
“30 ივლისს სენატში საგარეო ურთოერთობათა კომიტეტზე საქართველოზე მსჯელობას პრემიერი გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ როგორიც კი გადმოიდგმება “შემხვედრი ნაბიჯები” აშშ-სგან, მაშინვე მოხდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების “გადახედვა”. რაც შეეხება სანქციებს, მისი თქმით, “ასეთი ტონი კონტრპროდუქტიულია და ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს – ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. როგორიც კი გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება ამ ურთიერთობების გადახედვა. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში”, – აღნიშნა კობახიძემ. კითხვაზე, “მეგობარი აქტი” იყო თუ არა ნაბიჯი, კობახიძე პასუხობს, რომ ეს სინამდვილეში არის “დაუძინებელი მეგობარი აქტი”, რადგან აღნიშნული დოკუმენტი პირდაპირი ფორმით შანტაჟს შეიცავს. გარდა ამისა, მან სანქციებთან დაკავშირებით ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ობრაიენის განცხადებაზე ისაუბრა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება შანტაჟის ენით საუბარს – ეს არის კონტრპროდუქტიული. მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ 2004-212 წლებში, როდესაც საქართველოს ჰქონდა უმძიმესი პრობლემები, როდესაც ქვეყანაში იყო დამკვიდრებული სააკაშვილის “ნაცმოძრაობის” ავტორიტარული რეჟიმი, როცა პატიმრებს აწამებდნენ, როდესაც სასამართლო თავიდან ბოლომდე დაქვემდებარებული იყო სააკაშვილი-ადეიშვილის კლანს, როდესაც მედიების პირდაპირ მიტაცება ხდებოდა, მაშინ არ უსაუბრია არავის სანქციებზე და პირიქით, მაშინდელი ხელისუფლება ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. კითხვები უნდა დაისვას საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, არ არის სწორი შანტაჟის ენით საუბარი, მით უმეტეს, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ფუნდამენტურად შეიცვალა ის ვითარება, რომელიც დაამკვიდრა ამ ქვეყანაში უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ”, – განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენის შეფასებას, ამბობს, რომ სანქციების საკითხი კვლავ აქტიურად განიხილება, თუმცა უკან დაბრუნების გზა არსებობს”. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ აშშ-სგან კანონის გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მიზეზია, რეალური მიზეზი კი მისი აზრით ჩინეთია, რომელსაც საქართველოში ანაკლიის პორტის აშენება უნდა და კობახიძის პოზიცია სწორია”, – დასძენს გამოცემა.
“ამერიკის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა ნიშნავს იმას, რომ აშშ-მა ჩვენთან მუქარის ენით არ ილაპარაკოს და იმ ხაზს არ გაჰყვეს, რასაც ჰქვია პირადი თუ სახელმწიფო დონეზე სანქციები. თუ ამერიკულ ლოგიკას მივყვებით, ესე იგი საქართველოს უფლება არ აქვს თავისი პარტნიორების საკითხი გადაწყვიტოს. არადა საქართველოს ჩინეთი აწყობს, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური თვალსაზრისით, რასაც ეკონომისტებიც ადასტურებენ. ხალხის მიერ არჩეული მთავრობის კრიტიკა კონკრეტული პიროვნებების კი არა, ხალხის კრიტიკაა და ძალისხმევაა ამერიკის მხრიდან, რომ ამ ხალხს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. ეს პოზიციაა ვაშინგტონისგან შესაცვლელი იმისთვის, რომ ამერიკასთან დიალოგი გქონდეს. ფსიქოლოგიური ომია, როცა ამერიკა გეუბნება, რომ შენი ხელისუფლება გადააგდე, თუ არადა შეზღუდვებს და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობებს გადავხედავ. ამერიკა საქართველოსთან ფსიქოლოგიური ომის რეჟიმშია, რადგან რეალურად შენ ჩინეთთან აპირებ ურთიერთობას. ამ ხელისუფლებას კი ამ პრინციპის შეცვლა უნდა, რომ ეს ფსიქოლოგიური ომის ელემენტები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში არ იყოს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ერთი ამბობს კანონი გააუქმეთო და მეორე, კანონი მოიყვანეთ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშიო, თუ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა შეიძლება, მაშინ მის განხილვსას მოწვევა იყო და მოდი და დავსხდეთ და ვისაუბროთ, რატომ არავინ არ გამოჩნდა? იმიტომ, რომ მთავარი ეს კანონი კი არა, ჩინეთთან ურთიერთობაა. აშშ-ს მიაჩნია, რომ ჩინეთის კავკასიაში შემოსვლა მისი ინტერესების შეზღუდვაა. ამით არათუ საქართველოს, არამედ ევროპასაც წირავს, რადგან ეს ტვირთები, რომლებმაც აქ უნდა გაიაროს, ევროპისკენ მიდის. კობახიძის ნათქვამი სწორია, რომ ჯერ აშშ-მა გადმოდგას ნაბიჯები, ადრე საუბარი იყო იმაზე, რომ “ქართული ოცნება” რევოლუციის გზით გაეშვათ ხელისუფლებიდან, ივანიშვილმა ისიც კი თქვა, რომ ეს კანონი ხელმეორედ მაგიტომ დავაბრუნეთო, რომ დროზე ადრე მოგვეხდინა ამის პრევენციაო. ეს ამერიკულ და ევროპულ რიტორიკაში სულ იგრძნობა, რომ აქ ხელისუფლების შეცვლა უნდათ”, – განაგრძობს საყვარელიძე.
“ხელისუფლებაზე ეს შეტევა და მისი შეცვლის მცდელობა ამ კანონის შემოტანის ერთ-ერთი მიზეზი იყო. თუკი ხელისუფლების შეცვლის იდეა დასავლურ წრეებში მართლაც არსებობს, ეს მარტივად არ გაქრება და თუ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს იმ ნაბიჯებს, რასაც დასავლეთიდან ითხოვენ, მერე ხელისუფლების დათმობასაც მოითხოვენ. ამიტომაცაა, რომ ქართული მხარე ფიქრობს, რომ აქეთ უნდა დაუთმონ”, – დაასკვნის რამაზ საყვარელიძე. ყოფილი სახელწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ კობახიძეს ეს განცხადებები მხოლოდ თავის ამომრჩეველზე აქვს გათვლილი, რეალურად კი იცის, რომ აშშ არანაირ შემხვედრ ნაბიჯს არ გადადგამს, სანამ კანონი არ გაუქმდება”, – წერს სტატიის ავტორი.
“ამას კობახიძე მხოლოდ თავისი ამომრჩევლის მოსასმენად ამბობს, რადგან “ქართული ოცნების” ამომრჩეველი შეშფოთებულია, რომ დასავლეთთან ურთიერთობები აშკარად ფუჭდება, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. იმის მაღალი ალბათობაა, რომ “ოცნების” ამომრჩეველთა გარკვეულმა რაოდენობამ გული აიყაროს და ამიტომაც მხოლოდ მათ გასაგონად ამბობენ. თორემ დანარჩენებმა ყველამ იცის, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭების მთავარი მიზეზი “ქართული ოცნებაა”, იმ დაწყევლილი კანონის გამო, რასაც ქართველმა ხალხმა რუსული კანონი შეარქვა და რაც მკაფიოდ და ცალსახად აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოების მტრებად გამოცხადებას გულისხმობს. კობახიძე ფარისევლობს როცა ამბობს, რომ ამერიკელები პოლიტიკას შეცვლიან. ამერიკელები პოლიტიკას იქამდე არ შეცვლიან, ვიდრე ეს კანონი იარსებებს – ეს “ქართული ოცნების” ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ უნდა იცოდეს. ეს კობახიძემ კარგად იცის, მაგრამ იტყუება, ვიდრე ეს ანტიამერიკული, ანტიევროკავშირისა და ანტინატოს კანონი იარსებებს, რითაც ჩვენ კონსტიტუციას ვარღვევთ, არც ერთი მათგანი საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკას არ შეცვლის და არავითარი გადატვირთვა არ მოხდება”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ან “ოცნებამ” ეს კანონი უნდა გაიწვიოს, ან იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მას ჩაანაცვლებს, მაგრამ, ვიდრე კანონი იარსებებს, არავითარი გადატვირთვა და ცვლილებები არ იქნება. ნაბიჯები პირიქით “ოცნებამ” უნდა გადადგას. ჩვენ ქრისტიანი ხალხი ვართ და გავიხსენოთ სახარებაში რა წერია, ქრისტე დედამიწაზე არა ვინმესთან საბრძოლვლად, არამედ ხალხის გადასარჩენად მოვიდა. თუ ის ვინმეს მართლა ებრძოდა, ებრძოდა ფარისევლებს. სიტყვა ფარისეველი ზოგადად უარყოფითი სიტყვა არაა, ის პარტიას ნიშნავს, მაგრამ ყველა ენაში უარყოფითი კონტექსტით შევიდა, როცა მე ვამბობ ერთს და მეორეს ვაკეთებ. ქრისტე მუდმივად ააშკარავებდა ამ პარტიის წვერებს, რომლებიც ტაძარში საკურთხეველთან ყველაზე ახლოს იდგნენ და ყველაზე მეტად ატყუებდნენ ხალხს. “ქართული ოცნება” ფარისევლურია, იძახიან ევროპაში მივდივართო და რუსეთში მიდიან, ლოგოს სამარცხვინოდ ევროკავშირის დროშა დაახატეს, როცა ევროკავშირთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს ერთადერთი მიზეზის გამო გააკეთეს, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს ევროკავშირი უნდა”, – განმარტავს პაატა ზაქარეიშვილი.
პუტინი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას მკვეთრად ზრდის – როგორ აისახება ეს ფრონტზე
“ვლადიმერ პუტინმა ში ბრძოლის მსურველი მოხალისეებისთვის წინასწარი გადასახადი გააორმაგა, – რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა. ს განკარგულებით, რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელიც აგვისტოდან 2024 წლის ბოლომდე შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებს, წინასწარი გადასახადის სახით 400 000 რუბლს მიიღებს. ამავდროულად, განკარგულება რეკომენდაციას გასცემს, რომ რუსეთის რეგიონულმა ხელმძღვანელობებმა საკუთარი ბიუჯეტიდან იმავე რაოდენობის, 400 ათასი რუბლის ოდენობის, გადასახადი გამოყონ. “რუსეთში ფულზე წამსვლელი ბევრია და ვის რამდენიც სჭირდება ალბათ მოგროვდება, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ ამას რაღაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. რუსეთში ცოცხალი ძალის ნაკლებობაა, ისევე როგორც უკრაინაში”, – ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი ლაშა ბერიძე. ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, რუსეთის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი სამხედრო კონტიგენტზე გადის, მათ ცოცხალი ძალის რაოდენობა ომის დაწყებიდან დღემდე საგრძნობლად გაზარდეს, თუმცა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამიტომ ის მიიჩნევს, რომ არც ახლა ექნება დიდი ეფექტი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პუტინი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას მკვეთრად ზრდის – როგორ აისახება ეს ფრონტზე.
“პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტთა რაოდენობა უკვე გაზარდა. როდესაც რუსეთი თავდაპირველად უკრაინაში შეიჭრა, ანუ 2022 წლის, 24 თებერვალს, მაშინ რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა დაახლოებით 190 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა, თუმცა სხვადასხვა მონაცემებით, დღეს მათ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორებზე გადავსებული ჰყავთ დაახლოებით 570 ათასი ოკუპანტით, ანუ მათ კონტიგენტის რაოდენობრივი თვალსაზრისით გაზარდეს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მათ ვერ შეძლეს ამ კონტიგენტის ხარისხობრივად გაძლიერება, რადგან შეჭრიდან უკრაინის ტერიტორიის 28%-ზე კონტროლი დაამყარეს, ეს 2014 წლის ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით. დღეს კი, ისინი დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ იმიტომ რომ, 2000-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე რუსებმა კონტროლი დაკარგეს, მათ შორის ყველაზე დიდ ქალაქ, ხერსონზე. ამიტომაც პუტინი ყველანაირი გზით ცდილობს, რომ ბრძოლისუნარიანობა გაზარდოს და მებრძოლებს მოტივაცია აუმაღლოს, რათა ისინიც შეუერთდნენ ოკუპანტის რიგებს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“რუსეთის ეს ქმედება ძალიან გავს იმ ფაქტს, როდესაც საბჭოთა კავშირმა 1938 წელს ფინეთთან ომში გარკვეულ წარმატებას რაოდენობრივი თვალსაზრისით მიაღწია, თუმცა ეს ყველაფერი რუსეთს, მაშინ საბჭოთა იპერიას დაუჯდა 250 ათასი მოკლული ჯარისკაცის სახით. მე მაინც მგონია, რომ რაღაც დიდი ეფექტი რუსებს არ ექნებათ, რადგან დაახლოებით 4-ჯერ უფრო მეტად გაიზარდა სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა უკრაინაში, მაგრამ, რეალურად დღევანდელი მონაცემებით, მნიშვნელოვანი წინსვლა მაინც არ აქვთ. რუსეთმა ჩათვალა, რომ ცოცხალი ძალის გაზრდა საჭირო იყო. მათი ბიუჯეტის მესამედი სამხედრო ხარჯებზე მოდის, რომელიც 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს, როცა ომამდე იყო 70 მილიარდი. ის ეფექტი მაინც არ აქვს, რასაც პუტინი ელოდება, იმედია არც მომავალში ექნება და ომი სიმართლის და სამართლიანობის სასარგებლოდ დასრულდება”, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ