“ქართული პორტები ძვირია, მოსაკრებელი მაღალი, რაც ქართულ დერეფანს ხშირად არაკონკურენტულს ხდის” – რას შეცვლის თბილისის მშრალი პორტი?

Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს არსებული გამოწვევები გარკვეულწილად კონკურენტუნარიანობას უკარგავს.
როგორც ჯემალ ინაიშვილმა “საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ს მიერ ში დაწყებული ომის შემდეგ საქართველოს დერეფანზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ალტერნატიულ დერეფნებს საქართველოს ინფრასტრუქტურა სათანადო კონკურენციას ჯერჯერობით ვერ უწევს.
მისი განცხადებით, ამის უმთავრესი მიზეზი არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზების საჭიროება და ასევე, ქართულ პორტებში არსებული მაღალი ტარიფებია.
„ომის დაწყების შემდეგ ბევრი საერთაშორისო კომპანია ცდილობს, რომ გვერდი აუაროს რუსეთს და ჩვენი დერეფნით ისარგებლოს. მაგრამ ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაა საჭირო, პორტების და რკინიგზის მოდერნიზება, ახალი ნავსადგურის მშენებლობა. ჯერჯერობით ჩვენ ბოლომდე შესაბამის შედეგებს ვერ ვიღებთ და ვერ ვუწევთ სათანადო კონკურენციას სხვა მიმართულებებს. ამასთან, ჩვენი პორტები ძალიან ძვირია, სახელმწიფოს რეგულირების არანაირი მექანიზმი არ გააჩნია და ისინი თავად ადგენენ ტარიფს. ეს გარკვეულწილად კანონზომიერია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ როდესაც ნავსადგურზე ვლაპარაკობთ, ის გარკვეულწილად რეგულირებას უნდა ექვემდებარებოდეს. მაგრამ გემის მოსაკრებელი ძალიან მაღალია. ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითი, რომ ერთი და იგივე საკონტეინერო გემი თურქეთში იხდის 10-15 ათასს, ჩვენთან კი 40 ათასს იხდის. ეს ბუნებრივია, გადაზიდვების ფასში აისახება, რაც ჩვენს დერეფანს ხშირად არაკონკურენტულს ხდის“, – განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა და დაამატა, რომ საერთაშორისო კომპანიების მხრიდან, რომლებიც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს იყენებენ, ლოგისტიკური ცენტრით დაინტერესება მაღალია.
მისი შეფასებით, თბილისის მშრალი პორტის ერთ-ერთი მიმართულება საექსპორტო ტვირთების მომსახურება იქნება, მათ შორის ცენტრალური აზიის და მეზობელი ქვეყნების ტვირთების.
ინაიშვილის თქმით, ამ მიმართულებით სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია.
“თბილისის მშრალი პორტი მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილ ტვირთებზე არ იქნება გათვლილი, ჩვენ არამარტო იმპორტზე ვართ ორიენტირებული, ასევე ექსპორტიც გვაინტერესებს. დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრი კომპანია ეძებს გზებს, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის მიმართულებით, რათა აქ განათავსონ საქონელი შემდგომი ტრანსპორტირებისთვის, ცენტრალური აზიის და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ჩვენი ამოცანაა, რომ დიდ მოთამაშეებს, რომლებსაც ასეთი სასაწყობე ცენტრები სჭირდებათ, მომსახურება შევთავაზოთ. თუმცა საქართველოს შედარებით მცირე ექსპორტი აქვს, მაგრამ ამ მიმართულებით დიდი პოტენციალია სომხეთში, აზერბაიჯანში და ცენტრალურ აზიაში, გვინდა, რომ დიდი ჯაჭვი შევქმნათ, რათა საქართველოდან დატვირთული კონტეინერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადანაწილდეს”, – განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
ცნობისთვის, ინტერმოდალური ლოგისტიკური ცენტრი „თბილისის მშრალი პორტი“ მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს ოპერირებას, ტერმინალი გააერთიანებს როგორც სასაწყობე ინფრასტრუქტურას, ასევე საბაჟოს.
ცნობისთვის, AD Ports Group-მა „თბილისის მშრალი პორტის“ შეძენის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. შედეგად არაბული ჯგუფი 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორი გახდა. ახალ ლოგისტიკურ ცენტრს AD Ports Group-ის ლოგისტიკური კლასტერი მართავს.
დღეს გამართულ „თბილისის მშრალი პორტის” პროექტის პრეზენტაციას ასევე დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი აჰმედ ბინ ალი ალ საიეღი, რომელიც კომპანია „აბუ დაბი პორტს გრუპის“ (AD Ports Group) თბილისში მყოფ დელეგაციას ხელმძღვანელობს. „აბუ დაბი პორტს გრუპის“ (AD Ports Group) დელეგაცია თბილისში სწორედ „მშრალი პორტის” პროექტის განხილვის მიზნით იმყოფება.
პროექტის პრეზენტაციას დაესწრო პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ „თბილისის მშრალი პორტის” პროექტი მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ შუა დერეფნის მარშრუტს დი0დი პოტენციალი აქვს და სწორად ვითარდება.
წყარო: BM.GE

ასევე დაგაინტერესებთ