„„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ მაქვს პრეტენზია, რომ არსებული რეალობის პირობებში, ვერ ვხედავ პასუხისმგებლიან მიდგომას ქვეყნის ეკონომიკის მიმართ“ – გიორგი ხიშტოვანი (bm.ge)

„„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ მაქვს პრეტენზია, რომ არსებული რეალობის პირობებში, ვერ ვხედავ პასუხისმგებლიან მიდგომას ქვეყნის ეკონომიკის მიმართ“ – გიორგი ხიშტოვანი (bm.ge)
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ მაქვს პრეტენზია, რომ არსებული რეალობის პირობებში, ვერ ვხედავ პასუხისმგებლიან მიდგომას ქვეყნის ეკონომიკის მიმართ“, – ასე უპასუხა PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას – რა კითხვებზე სჭირდება „ქართული ოცნებისგან“ პასუხები.
„ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და რა ტიპის ახალ რეფორმებს გვთავაზობს „ქართული ოცნება“, რომელიც თვლის, რომ ლეგიტიმურია და აქვს აბსოლუტური ძალაუფლება? – არაფერს გვთავაზობს“ – განაცხადა PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა და იქვე დასძინა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის მიზანი, რომელიც კვირის დასაწყისში მ დააანონსა, „წინააღმდეგობის კერების ნეიტრალიზებაა“.
„მოვისმინეთ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმას აპირებენ, სადაც თურმე 12 წლის შემდეგ ყველაფერი ისევ ისე ცუდად არის. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ დაკავებულია არა ქვეყნის მოდერნიზებით, არამედ იმ წინააღმდეგობის კერების აღმოჩენით და ნეიტრალიზებით, რასაც ხედავს უმაღლეს სასწავლებლებში, რაც ასევე, დიდ პრობლემად მიმაჩნია“, – აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.
გარდა ამისა, PMC კვლევითი ცენტრის დირექტორს აინტერესებს, როგორ ამშვიდებს და როგორ აძლევს სტაბილურობის განცდას „ქართული ოცნება“ თუნდაც „დაბულინგებულ ბიზნესმენებს“, ვისზედაც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ თურმე ინვესტორები აგრძელებენ ინვესტიციების ჩადებას საქართველოში, მაგრამ ბულინგის გამო, საჯარო კომუნიკაციისგან თავს იკავებენ.
„პირველ რიგში, არ მჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება აყვავდეს „დაბულინგებული ინვესტორებით“, ეს შეუძლებლად მეჩვენება; როცა ინვესტორს ერიდება ინვესტირების აღიარების, იმ ინვესტიციებით ქვეყანა ვერ ისარგებლებს. ეს მაშინ უფრო იქნება სპეკულაციური კაპიტალი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო ზარალის მომტანია, ვიდრე – სასარგებლო.
როდის დებს ბიზნესი ინვესტიციებს? როცა აქვს განცდა, რომ მომავალი იქნება პოზიტიური და ნაცვლად იმისა, რომ საჯაროდ მოხდეს ბიზნესის ყველა ჯგუფის დამშვიდება და მათთვის სტაბილურობის განცდის მიცემა, პირიქით, ყველა მიმართულებით ვხედავთ სტაბილურობის განცდის შერყევას და ხშირად აგდებულ, ცინიკურ, არასერიოზულ მსჯელობას არასერიოზულ საკითხებზე“, – განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
„რასთან გვაქვს საქმე – რეალობის ვერაღქმასთან თუ თვათლმაქცობასთან?! – კითხვას სვამს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი და თავადვე ასახელებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.
„ფაქტია, გვაქვს მრავალი გამოწვევა – ეს ეხება ინვესტიციებს, ურთიერთობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, საერთაშორისო რეზერვების მოცულობას, საქართველოში დემოკრატიის ხარისხს და ა.შ. და ამ დროს საპასუხოდ ვხედავთ აბსოლუტურ იგნორირებას, პრობლემის არსებობის არაღიარებას ან კიდევ რაღაც ტიპის ულტიმატუმებით საუბარს საერთაშორისო პარტნიორებთან.
მაგალითად მოვიყვანდი, IMF-ის ახალ პროგრამასთან დაკავშირებით რიტორიკას, რომ თურმე თუ IMF-ის პირობები არ იქნება საინტერესო, მაშინ პროგრამის გარეშე გააგრძელებენ საქმიანობას. ასევე, გვესმის მუქარანარევი გამონათქვამები დასავლელი მეგობრების მიმართ. მეორე მხრივ კი, ვერ ვხედავ და საერთოდ არ გამიგია, როგორ ამშვიდებენ და როგორ აძლევენ სტაბილურობის განცდას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმ „დაბლინგებულ ბიზნესმენებს“, რომლებიც დღეს კარგად ითავისებენ, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა.
იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში სტაბილურობის განცდა გაუჩნდეს ბიზნესს, ხდება პრობლემების არაღიარება და გამოგონილი მტრებისთვის გადაბრალება. ეს ყველაფერი არის უპასუხისმგებლო ქმედება. მთავრობის, ვინც თავის თავს აღიარებს მთავრობად, მისია უნდა იყოს, შეუქმნას ბიზნესს სტაბილურობის განცდა და რეალობის სწორი აღქმის უნარი დაანახოს გარე დამკვირვებელს. საბოლოო ჯამში, რეალობის ვერაღქმასთან გვაქვს საქმე თუ თვალთმაქცობასთან, არ ვიცი და ვერც იმას გეტყვით, რომელი სჯობს“, – განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი ხიშტოვანმა რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ 2023-2024 წლების ეკონომიკური ზრდა იყო „გამართლება“.
“ყველაფერი, რაც გარშემო რეგიონში ხდებოდა, პოზიტიურად აისახა საქართველოს ეკონომიკაზე. არანაირ ფუნდამენტურ და სტრუქტურულ რეფორმას არ ჰქონდა საქართველოში ადგილი, ერთი გამონაკლისით – ICT სექტორში, საერთაშორისო კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათებს ვგულისხმობ, რომელმაც ბევრი მოთამაშე მოიზიდა, მაგრამ ფუნდამენტურად არაფერი შეგვიცვლია“, – განაცხადა PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა და დასძინა, რომ სამართლიანადაც რომ ჩატარებულიყო, ძირითადი, გარე ფაქტორები, რაც ეკონომიკის ზრდაზე დადებითად აისახა, მილევად რეჟიმში გადადიოდა და „საქართველო უბრუნდებოდა ტრადიციული განვითარების იმ ტემპს, რომელიც 4-5%-იან ზრდას ნიშნავს.