„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულება 13-ჯერ მეტია ვიდრე სხვა ყველა პარტიის ერთად აღებული – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2023 წლის მე-4 კვარტალში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 9,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 93%-ია.
TI-ის თანახმად, 2023 წლის IV კვარტალში ყველა პარტიამ ჯამში 10 163 787 ლარის შემოწირულება მიიღო, საიდანაც ოპოზიციურ პარტიებზე 700 000 ლარი ნაწილდება, შესაბამისად „ქართულმა ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულება 13-ჯერ მეტია ვიდრე სხვა ყველა პარტიის ერთად აღებული.
2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები შემდეგნაირად გამოიყურება:
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 9 464 000₾
“ლელო საქართველოსთვის” – 330 305₾
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 241 091₾
“თაობები საქართველოსთვის” – 101 789₾
“საქართველოსთვის” – 7 665₾
“ევროპელი სოციალისტები” – 5 450₾
“ხალხისთვის” – 5 300₾
“კონსერვატიული მოძრაობა” – 2 875₾
“ელენე ხოშტარია – დროა” – 2 504₾
“საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 2 371₾
“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 438₾