ქართული ოცნების მიერ მიღებული ე.წ. FARA-ს კანონი დღეიდან, 31 მაისიდან ძალაში შედის. ერთპარტიულმა პარლამენტმა 1-ელ აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო და დაამტკიცა.
საბოლოოდ მიღებულ კანონპროექტს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი ეწოდა.
კანონის მიხედვით, დადგენილია უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის პროცედურები.
კანონპროექტი მოიცავს რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფისა და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხებს. აგრეთვე განსაზღვრულია რეგისტრაციის გაუქმების პირობები და მონიტორინგის მექანიზმები, რომლებიც ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.
ქართული ოცნების ინიციატივით მიღებულ კანონში განმარტებულია უცხოური პრინციპალის აგენტის ცნება და მისი ვალდებულებები. დოკუმენტში გაწერილია ის მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ახალი კანონპროექტი გააკრიტიკა ეუთო/ოდირმა და განაცხადა, რომ ამერიკულ FARA-ს, რომელზეც საქართველოს ახალი კანონია მოდელირებული, აქვს სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ეტიკეტირებას.
“ის ცდილობს უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში უცხოური ძალების სახელით, დარეგისტრირდნენ და ეს ინფორმაცია საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი.
ერთი ქვეყნიდან მეორეში კანონმდებლობის იმპორტს ყოველთვის სიფრთხილით უნდა მივუდგეთ და განხილვა უფრო ფართო ეროვნული, ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს კონტექსტში უნდა მოხდეს”, – აცხადებს ეუთო/ოდირი.
***
ქართული ოცნების მიერ არალეგიტიმურ და ერთპარტიულ პარლამენტში 24 თებერვალს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) დაარეგისტრირეს.
კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.
რეგისტრირებული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანია.
კანონპროექტში “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) გამოყენებულია ტერმინები: “აშშ-ის პრეზიდენტი”, “სახელმწიფო დეპარტამენტი”, “კონგრესი” და ა.შ. ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე ოცნების წევრებმა თქვეს, რომ უნდა დაკორექტირდეს, რადგან “სიტყვასიტყვით ნათარგმნია” და “სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს” შეიცავს.
