ქართული ოცნების მთავრობამ განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დადგენილება, რომელსაც ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია და 21 ოქტომბრით თარიღდება.
დადგენილების თანახმად, ცენტრის ლიკვიდაციისთვის უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც პროცესს წლის ბოლომდე – 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაასრულებს.
ასევე, დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ – ქართული ოცნების განათლების სამინისტრო განისაზღვრება.
დადგენილების თანახმად, ქართული ოცნების განათლების სამინისტროს ევალება:
“ა) ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს:
ა.ა) ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას;
ა.ბ) ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.გ) ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება;
გ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით”.
განათლების საერთაშორისო ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც 2014 წელს დააარსდა. მისი მთავარი მიზანი იყო – სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეეწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების განვითარებისა და საქართველოში ახალი ცოდნის ინტეგრირებისთვის.
კერძოდ, განათლების საერთაშორისო ცენტრი მოქალაქეებს აძლევდა შესაძლებლობას, გრანტებითა და სტიპენდიებით მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტებში ესწავლათ.
ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოქმედებდა არაერთი საგრანტო თუ სასტეპენდიო პროგრამა მსოფლიო მასშტაბით უნივერსიტეტებთან – აშშ-სთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, სომხეთთან, ყაზახეთთან და ა.შ.




