“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის 140-ზე მეტი თანამშრომელი გაემიჯნა

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის 140-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება. საჯარო განცხადება ღიაა და სებ-ის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, შეუერთდეს.
“კომერსანტი” საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების საჯარო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული საფინანსო სექტორის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მდგრადი და სტაბილურად მზარდი საფინანსო სისტემა.
28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას”, – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში, რომლის ხელმომწერებს შორის არის სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილიც.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროების ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა.