„ქართული ოცნებისგან“ გამოყოფის შემდეგ „ხალხის ძალის“ მიერ წამოჭრილმა თემებმა გვაჩვენა, რომ დრო სიმართლის სასარგებლოდ მუშაობს

„ქართული ოცნებისგან“ გამოყოფის შემდეგ „ხალხის ძალის“ მიერ წამოჭრილმა თემებმა გვაჩვენა, რომ დრო სიმართლის სასარგებლოდ მუშაობს
„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ პარტიის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების წამოჭრამ ცხადყო, რომ დრო სიმართლის სასარგებლოდ მუშაობს”- ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძემ თავისი სიტყვების დასტურად რამდენიმე თემა დაასახელა, რომლის აქტუალიზაცია „ხალხის ძალას“ ეკუთვნოდა და რისთვისაც, თავის დროზე, საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმით მოქმედი გაერთიანება წნეხისა და ბულინგის ადრესატი იყო.
„ის, რომ გამოვეყავით „ქართულ ოცნებას“ არ იყო იოლი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი ვიყავით მისი დამფუძნებელი. ღირებულებითი სხვაობა ამ პარტიასთან არ გვქონია, მეტიც, ბევრი საერთო გვაქვს. მაგრამ ვერ შემთანხმდით სიმართლის თქმის ხარისხთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ჩვენ წამოვჭერით თემები, რომლებმაც გვაჩვენა, რომ დრო სიმართლის სასარგებლოდ მუშაობს.
მაგალითად, გახსოვთ უკრაინის ომის თემა, როცა მოწოდებების (ს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე) ნიაღვარი იყო პარტნიორების მხრიდან, ზეწოლა ქვეყნის გარედან ლობისტებისგან. მაშინ ჩვენ ქილიკისა და ბულინგის ობიექტი გავხდით. ცოტა ხანში, გამოვიდა რეგიონში ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და ამ ქვეყნის შს მინისტრი და თქვეს აბსოლუტურად იგივე, რომ გარკვეული ძალები ცდილობდნენ რეგიონში ომის გაღვივებას და ამაში თურქეთის ჩართვას. ანუ, აღმოჩნდა, რომ აქაც მართლები ვიყავით.
მეორე თემა იყო ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით. შეგახსენებ, რომ ექვსთვიანი ვადა დაგვიწესეს დავალებების შესასრულებლად. ჩვენ გამოვედით მაშინ და ვთქვით, რომ ეს არის ხაფანგი და ევროკავშირში შესასვლელად მხოლოდ დავალებების შესრულება არ იქნებოდა საკმარისი. მაშინაც ჩვენ გავხდით ქილიკის საგანი და რუსეთუმეობა დაგვაბრალეს. არადა პროცესი თავად ევროპამ გადაავადა – ჩვენი პროტესტი დროში გაიფილტრა, დაღვინდა და ევროპაში თავად მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება, მიხვდნენ რა, რომ ეს იყო სწორი,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.