ქართული ოცნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრს ქმნის

ქართული ოცნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრს ქმნის.
ქართული ოცნების პარლამენტმა 9 დეკემბერს მესამე მოსმენით უკვე მიიღო “ფსიქიკური ჯანმრთლობის შესახებ” კანონში ცვლილებები, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის შექმნას ითვალისწინებს.
პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთლობის შესახებ მონაცემები შეიტანება – ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში.
ბაზის ადმინისტრირებას ქართული ოცნების ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს – სამინისტრო ბაზის შექმნას 2026 წლის 1-ელ მარტამდე უზრუნველყოფს.
ცვლილებების განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ბაზის შექმნაში აქტიურად იქნება ჩართული ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროც.
ასევე, განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს:
“წარმოდგენილი პროექტის მომზადება განპირობებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის არარსებობით გამოწვეული სირთულეებით. კერძოდ, არსებული მდგომარეობით, არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელშიც მოცემული იქნება სრულყოფილი და სანდო მონაცემები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა. მსგავსი სახის ლიცენზიის (ნებართვის)/უფლების ფლობა უკავშირდება მომეტებულ საფრთხეს და საჭიროებს მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან”.