იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად სარჩელში იმ პირთა სიასაც შეიტანს, რომლებსაც პოლიტიკური აქტივობა უნდა შეეზღუდოთ.
როგორც მან განმარტა, დღეს, 15 ოქტომბერს, კომიტეტის სხდომაზე წარსადგენ სიაში ისეთი ადამიანებიც შეიძლება მოხვდნენ, რომლებიც არ არიან იმ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები, რომლის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნითაც “ოცნება” მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა შესაძლოა ისინი თანხვედრაში იყვნენ იმ პარტიის მიზნებთან.
მისი თქმით, ეს იქნება “პირთა სია, რომელიც იქნება დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რომელი პირი რა მოქმედებაში იყო ჩართული და რანაირად უწყობდა ხელს კონკრეტული პარტიის ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს”.
გორდულაძის განმარტებით, გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს მოსარჩელის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, “ყოველი კონკრეტული პირის შემთხვევაში” ცალ-ცალკე და “არა კრებსითად”.
“კანონში არის ჩამოთვლილი, თუ ვინ უნდა იყვნენ ეს პირები – ეს არის წევრები, მმართველი რგოლის წარმომადგენლები ან შეიძლება საერთოდ არ იყვნენ პარტიის წარმომადგენლები, პარტიული ბილეთი ჯიბეში არ ედოთ, მაგრამ მათი საქმიანობით სრულად თანხვედრაში იყვნენ პარტიის მიზანთან ან პარტიის პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფდნენ. შესაბამისად, ამ პირებსაც აეკრძალებათ პოლიტიკური აქტივობები”, – თქვა გორდულაძემ და დაამატა, რომ “გადაწყვეტილება აკრძალვის ან პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე დამოკიდებული იქნება შეჯიბრობითობის პრინციპზე” და შესაძლოა წარდგენილი მტკიცებულები მეორე მხარემ გააბათილოს.
თუმცა ის მოელის, რომ “სარჩელი იმდენადაა გამტკიცებული მტკიცებულებებით და იმდენად ცალსახაა, რომ თითოეული პირის თუ პარტიის აფილირება „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ და გაწევრიანებულია „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ალბათობის უმაღლესი ხარისხით მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას და სარჩელს დააკმაყოფილებს”.
მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ამზადებს საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც უნდა გახდეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველი. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, აკრძალვას უპირებენ სხვა პარტიებსაც და კონკრეტულ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც “კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან” აფილირებულს უწოდებენ.
ამ ჯგუფის აკრძალვა „ოცნების“ დაპირებების მოკლე ნუსხაში იყო ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მას შემდეგაც არაერთხელ გაიმეორეს.
„ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ოპონენტების ასაკრძალად უკვე კარგად არიან მომზადებული – საფუძვლად სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [„წულუკიანის კომისიის“] დასკვნას გამოიყენებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელიც უკვე თითქმის მზად აქვთ. თუმცა პოლიტიკოსებს პოლიტიკური მომავალი რომ აუკრძალონ, ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის შეცვლა მოუწევთ.
კანონში შესატან ცვლილებს სადავო პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ფორუმი
