სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სადავო პარლამენტში 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან ძირითადი აქცენტი გააკეთა იმ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკა არსებობს. ამის გამო ამ პარტიის წარმომადგენლები უკმაყოფილო დარჩნენ, რაც არ დამალეს.
პირველმა კითხვის დასმის უფლებით დეპუტატმა ნინო წილოსანმა ისარგებლა. მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ომბუდსმენის ანგარიშში საუბარია იმ ჟურნალისტებზე, რომლებზეც პროევროპული აქციების დაშლის დროს პოლიციელებმა იძალადეს:
„მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?! ნამდვილად მეუცნაურა! – არცერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაიმე არაკორექტული იყო და თუ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ამის განზოგადება არ შეიძლება!“
ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი დაინტერესდა, მუშაობენ თუ არა სახალხო დამცველის აპარატში ის თანამშრომლები, ვინც ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობის დროს ანგარიშების დაწერაში მონაწილეობდნენ:
„სწორედ ამიტომ დავსვი კითხვა – მეტ ნაკლებად გიცნობთ, ღირსებით სავსე ადამიანი ხართ, პროფესიონალიზმი არ გაკლიათ, ალბათ ეს „სტაფის“ ბრალია, რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს. რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული?“
ნინო ლომჯარიას მსგავსად ის ლევან იოსელიანს სთხოვს, იყოს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების სახალხო დამცველიც.
„თქვენ, როგორც ჩანს, ადამიანის უფლებათა სამართალი არ იცით… ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ… თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა… მე ადამიანის უფლებათა სპეციალისტი ვარ თქვენგან განსხვავებით“.
ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ ლიდერების კრიტიკას პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხა.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ… რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ როდესაც მე ანგარიშს წარმოვადგენ, უნდა ვისაუბრო პოზიტიურ საკითხებზე. ანგარიში 400-გვერდიანია, დაახლოებით 30-ჯერ აბზაცი იწყება, რომ „მისასალმებელია“, „დადებითად ვაფასებ“. მოხსენებაში ეს ნაწილები შეგნებულად არ გადმომიტანია და არ გადმომიტანია იმიტომ, რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო პრობლემურ საკითხებზე… სახალხო დამცველი თუ გამოვიდა და ისაუბრა, რა კარგად არის ქვეყანაში საქმე, მგონი, ის საერთოდ არ უნდა იყოს სახალხო დამცველი“.
წელს ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის დროს პირველად აჯამებს იმ პერიოდს, როცა ის იკავებდა ომბუდსმენის თანამდებობას. გასული ანგარიში შეეხებოდა არამხოლოდ მისი, არამედ მისი წინამორბედის, ნინო ლომჯარიას მუშაობის პერიოდს.
