ქართული ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს

ქართული ოცნება პრეზიდენტის, ს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
“მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში. ისიც მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა…
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს. როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

***
გასულ წლის 1-ელ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”.
საკითხის პარლამენტში გადმოტანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა – ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.
2023 წლის 18 ოქტომბერს, პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. იმპიჩმენტი ჩავარდა, რადგან ქართულმა ოცნებამ საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა – ზურაბიშვილის გადაყენებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.