„ქართული ოცნება“ პარლამენტში „მინისტრის საათს“ აუქმებს

„ქართული ოცნება“ ერთპარტიულ პარლამენტში „მინისტრის საათს“ აუქმებს. ეს ერთ-ერთი ცვლილებაა პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც პარტიის წევრებმა „პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების“ გამოსწორების მიზნით დააინიციირეს.
„უქმდება მინისტრის საათი, რომელიც არ არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საზედამხედველო ინსტრუმენტი და რომელიც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო“, – წერენ კანონპროექტის განმარტებით ბარათში „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
რას ნიშნავს „მინისტრის საათი“?
„მინისტრის საათი“ წელიწადში ერთხელ პარლამენტის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების განხილვაა – ეს პროცესი იწყებოდა მინისტრის სიტყვით გამოსვლით. დეპუტატებს შეეძლოთ მინისტრისთვის ეცნობებინათ ის საკითხები, რომელზეც მოხსენების განმავლობაში ისურვებდნენ ყურადღების გამახვილებას. მოხსენებას მოსდევდა დეპუტატების დამაზუსტებელი კითხვა-პასუხი, რის შემდეგაც იმართებოდა დებატები.
როდიდან არსებობს „მინისტრის საათი“?
„მინისტრის საათი“ „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩაიწერა პარლამენტის ახალ რეგლამენტში, რომელიც 2018 წელს მიიღეს. მაშინ განმარტებით ბარათში ეწერა, რომ ეს გააძლიერებდა საპარლამენტო ზედამხედველობას, კონტროლსა და ანგარიშვალდებულებას.
რა მოხდება ახლა?
როგორც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, „მინისტრის საათი“ „თავის დანიშნულებას კარგავს“, რადგან ზრდიან ინტერპელაციების რაოდენობას.
რა არის ინტერპელაცია?
ინტერპელაციის გზით დეპუტატს შეუძლია მინისტრს გაუგზავნოს კითხვები, რომელზე პასუხის მიღებაც სურს. დეპუტატი იღებს წერილობით პასუხს და უსმენს მინისტრს, თუმცა მას არ შეუძლია სხვა საკითხების წამოჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც მოქალაქისთვის ვალდებულებაა, საღი აზრის ფარგლებში, პროპორციულობის ფარგლებში, შევეწინააღმდეგო იმას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგებია, მადლიერები ვართ პარტნიორების, მაგრამ მნიშვნელოვანია, აქ არ გავჩერდეთ – ზეწოლა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას