სადავო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მართალია კანონში შესატანი ცვლილებები ონლაინ და ბეჭდურ მედიას არ შეეხება, თუმცა “არსებობს დამატებითი გამოწვევა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად” და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება შეიძლება.
“ჩვენი ცვლილებები გაზეთებს არ ეხება, და მათ შორის არ ეხება ონლაინმედიასაც და დამატებითი გამოწვევა არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დამატებით გაჩნდა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული წყაროები და ის ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმები იქნება თუ სხვადასხვა ონლაინმედიებიდან, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა და დიდი ნაწილი საზოგადოებისა ინფორმაციას ამ მედიებიდან იღებენ და ჩვენ შეგვიძლია დამატებით კიდევ გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის გავრცელების კუთხითაც, აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს”, – თქვა არჩილ გორდულაძემ.
სადავო პარლამენტში მაუწყებლებთან დაკავშირებით ცვლილებათა ორი პროექტი ელოდება კენჭისყრას – თითქმის სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები.
მოლოდინს ამძიმებს უნდობლობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, რომელსაც „ოცნება” კონტროლისა და დასჯის არეალს უფართოებს. სუსტდება მედიის თვითრეგულირების მექანიზმი.
კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება, თუ ისინი:
· ახალი ამბების გაშუქების დროს არ დაიცავენ „სამართლიანობისა“ და „მიუკერძოებლობის“ პრინციპებს – რა იგულისხმება ამ ტერმინებში, განმარტებული არ არის;
· ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს;
· წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა);
· „სამართლიანობის პრინციპით“ თუ არ შეირჩევა პირდაპირ ეთერში შესული ზარები (დაუშვებელია ერთი შეხედულების გამოხატვა);
· სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, რომლებსაც იღებენ;
· პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს.
ამ დრომდე ტელევიზიებსა და რადიოებს ყველა ამ დარღვევაზე თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში რეაგირების ვალდებულება ჰქონდათ, თუმცა ამისთვის ჯარიმის გადახდა არ უწევდათ. სანქცია მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უწესდებოდათ, თუ ამ განხილვაზე იტყოდნენ უარს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, თუ კომუნიკაციების კომისია დაადგენს, რომ მაუწყებელმა დაარღვია ეთიკური სტანდარტი, ის მას გააფრთხილებს და დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადას მისცემს – თუ არხი ამ მითითებას არ შეასრულებს, დააჯარიმებენ. დაჯარიმება შესაძლებელი იქნება, თუ გაფრთხილების მიღებიდან ერთ წელში კომისია მას კიდევ ერთ დარღვევას დაუდგენს.
კომისიას შეეძლება მაუწყებელი დააჯარიმოს წლიური შემოსავლის 0,5%-ით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარით.
„ქართული ოცნება” „ბრიტანული სტანდარტების” დამკვიდრებაზე ლაპარაკობს და მიზნებად – უცხოური გავლენების შემცირებას, ხარისხის ზრდასა და ეთიკური სტანდარტების დაცვას ასახელებს. ამტკიცებენ, რომ ახალი არაფერია და მედიას სიზუსტისა თუ მიუკერძოებლობის დაცვა მანამდეც ევალებოდა; მაგრამ ჟურნალისტების საქმიანობაში ახალი აკრძალვებიც იგეგმება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) მიუთითებს, რომ ცვლილებები უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა, წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
