„ქართული ოცნების“ მთავრობა მიწვეული არ არის გაფართოების პირველ ფორუმზე, რომელიც ევროკომისიის ორგანიზებით, 18 ნოემბერს ბრიუსელში იმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ ევროკომისიაში დაუდასტურეს.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი 18 ნოემბერს ბრიუსელში მასპინძლობს ისტორიაში პირველ გაფართოების ფორუმს, რომლის სლოგანია „კავშირის სრულყოფა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა“.
ფორუმში მონაწილეობენ ევროკავშირის, ეროვნული და რეგიონული ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეწარმეები, ხელოვანები, პოლიტიკის ექსპერტები ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, წევრი სახელმწიფოებიდან და გაფართოების ქვეყნებიდან.
„ინტერაქტიული, ინკლუზიური და მომავალზე ორიენტირებული ფორუმი ასახავს უფრო ფართო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია გაფართოების ხალხთან დაახლოებისა და კავშირის მომავლის შესახებ ჭეშმარიტად ევროპული საუბრის ხელშეწყობისკენ.
„გაფართოების ფორუმი შეასრულებს კომისიის ფლაგმანური ინიციატივის როლს, რათა გაფართოება საერთო პოლიტიკურ, სოციალურ და თაობათა პროექტად იქცეს. გაფართოება უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესების წინსვლისთვის, ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ასევე მმართველობასა და კანონის უზენაესობაში რეფორმების განსახორციელებლად. ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ამბიციური გაფართოების დღის წესრიგით, კომისიის 2024–2029 წლების სტრატეგიული ხედვა მოითხოვს ამბიციიდან შესრულებაზე გადასვლას სანდო, დამსახურებაზე დაფუძნებული, ინკლუზიური და მომავალზე ორიენტირებული მიდგომით, რომელიც ასახავს ევროპის ღირებულებებს და ამზადებს მას მომავლისთვის“, — ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.
ევროკომისიამ გამოაქვეყნა 2025 წლის გაფართოების ანგარიში, რომელიც მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი 10 კანდიდატი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ყოველწლიურ შეფასებას.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.




