ანალიტიკოსი გია აბაშიძე სუს-ის ბრიფინგის შესახებ, სადაც განაცხადეს, რომ ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღება დაადასტურა:
„რა არ გადაიტანა მმართველმა გუნდმა – შიდა და გარე დარტყმები, ღალატი და ახლა უკვე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის აღიარება, რომ უკანონო შემოსავლებს იღებდა; მაგრამ “ქართული ოცნება” მედეგია, სამართლიანია, პრინციპულია და აქვს განახლების რესურსი.
ფარისევლურად ნურავინ მოირგებს სტერილურობისა და სისპეტაკის მანტიას – არაერთს უნახავს მის საახლობლოში ღალატი, მატერიალურის გამო ზნეობაზე უარის თქმა, ორპირობა, ფლიდობა და ა.შ. სამწუხაროდ, ასეთია მიწიერი ცხოვრება, თუმცა მუქი ფერები არ დომინირებენ.
22 ოქტომბერს, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, უკანონო შემოსავლების მიღება (ფულის გათეთრება ან ქონების უკანონოდ მითვისება), ცხადია, დასჯადია. კონკრეტული სასჯელი კი დამოკიდებულია დანაშაულის სიმძიმეზე, გარემოებებზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.“
