მწერალი ლაშა ბუღაძე წერს, რომ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ქართული ოცნება პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 21 ივნისს, გერმანიის ერთ-ერთ სასტუმროში მიღებას მართავს.
ლაშა ბუღაძის მიერ გამოქვეყნებული მოსაწვევის ფოტოს თანახმად, მიღებას გერმანიაში საქართველოს საელჩო აორგანიზებს.
ბუღაძე წერს, რომ ღონისძიების მოსაწვევი არ მიუღიათ გერმანიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ მწერლებს, ხელოვანებს, რომლებიც ანტირუსულ პოზიციას აფიქსირებენ.
“ეს მოსაწვევი ივანიშვილის რუსების თავხედობით აღშფოთებულმა ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა. გერმანიისა და გერმანიის ელჩის მლანძღველი, ცილისმწამებელი პროპაგანდისტი კობახიძე და ივანიშვილის სხვა მარიონეტები 21 ივნისს მიღებას აწყობენ ბერლინის სასტუმრო “ადლონში” – ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში მთელ ევროპაში.
როგორც ამბობენ, აქედან 3000 ადამიანამდე აპირებს წასვლას. ნიშანდობლივია, რომ მოსაწვევი არ მიუღიათ გერმანიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ მწერლებს, ხელოვანებსა და სხვებს – ცხადია, მათი სამოქალაქო და ანტირუსული პოზიციის გამო.
ეს უტიფრობა და თავხედობა ვფიქრობ არ უნდა დარჩეს არც ჩვენი საზოგადოების და არც ჩვენი მეგობრების შეფასების გარეშე.
ივანიშვილის მონები ერთი მხრივ გერმანიასა და ევროპას აძევებენ საქართველოდან და მეორე მხრივ ევროპის ჩემპიონატზე უნდათ გამოჭიმვა და ევროპული პრივილეგიებით ტკბობა საქართველოს მოქალაქეების ფულით. იმ მოქალაქეების, რომელთაც ევროპულ მომავალს ართმევენ”, – წერს ბუღაძე Facebook-ზე.