დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო.
როგორც წულუკიანმა განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა დებატი, უნდა დამტკიცებულიყო თუ არა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება. ბევრი ადამიანი, პირველ რიგში კი ჩვენი ანტი-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, იბრძოდნენ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგ.
ეს გეგმა ჯერ საკომიტეტო მოსმენისას ჩავარდა, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების უარყოფას 306 წევრისგან შემდგარი ასამბლეის მხოლოდ 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
შესაბამისად, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება, რამდენიმე წუთის წინ, საბოლოო კენჭისყრაზე დადგა და იქნა ცნობილი.
