არის ამის საჭიროება თუ არა, გადასული არიან გამხეცებულ დასჯის მეთოდებზე, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება, უფრო დიდი და მასშტაბური იქნება, სანამ არ მივიღებთ კონკრეტულ შედეგს – ახალი არჩევნები, ქვეყნის დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე და რაც ყველაზე მთავარია, უნდა გათავისუფლდნენ პატიმრები,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს თსუ-ის ეზოში განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი სრულ აგონიაში არიან.
“დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი აქციები არის მიმართული იმისკენ, რომ ეს ქვეყანა არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილს და მის კრიმინალურ ბანდას, ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რუსეთში. ეს არის სახელმწიფო გადატრიალება, კონსტიტუციური გადატრიალება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს საქართველოში და უკვე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია გაყალბებული და მიტაცებული არჩევნების შემდეგ. ყველა ამის მომსწრე ვართ, თუმცა ისინი და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სრულ აგონიაშია და კრიმინალები ჰყავს ქუჩაში გამოყვანილი, არ ელოდა, ქართველი ხალხის და განსაკუთრებით, ახალგაზრდების ასეთ წინააღმდეგობას. ჩვენ გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც დაიბადნენ თავისუფალ საქართველოში და მათ უნდათ მომავალი იმ განვითარებულ ქვეყნებთან ერთად, სადაც მათი უფლებები დაცული იქნება, სადაც სასამართლოა ნორმალური, ძალადობა არაა და არ არის ის დარბევა, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ. არის ამის საჭიროება, თუ არა – გადასული არიან გამხეცებულ დასჯის მეთოდებზე. ამიტომ პროტესტი გაგრძელდება, უფრო დიდი და მასშტაბური იქნება, სანამ არ მივიღებთ კონკრეტულ შედეგს – ახალი არჩევნები, ქვეყნის დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გათავისუფლდნენ პატიმრები, ახალგაზრდები, რომლებიც პროვოკაციით და სხვადასხვა მეთოდით იქენ ჩასმული საპყრობილეში”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ უცვლელია: ახალი არჩევნების დანიშვნა და პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
ცნობისთვის, ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
შეგახსენებთ, ცხრა ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს.
ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკავებს აქციის მონაწილებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. მისივე შეფასებით სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.
უფასურდება ლარი და სპეციალისტები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას მომავალშიც პროგნოზირებენ, თუ მასზე პოლიტიკური წნეხი არ მოიხსნება.
მთავრობა ეკონომიკურ და ფინანანსურ პრობლემებს არ აღიარებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ნეგატიური მოლოდინები აქვს ექსპორტიორებს.
პოლიტიკური ესკალაციის სწრაფად განმუხტვის გარეშე, კრიზისს პროგნოზირებს ტურიზმის სფეროც და მისი მომიჯნავე სექტორები, ავიაცია, სტუმარ-მასპინძლობა და სხვა.