“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად, მისი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება.”– ამის შესახებ განცხადებას პარტია “ქართული ოცნება” ავრცელებს:
“საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო. ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროდან „რადიო თავისუფლებამაც“ გამოითხოვა და ამ თემას 2024 წლის 31 ოქტომბერს სტატიაც მიუძღვნა, სათაურით – „ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება: საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში”.
რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მტკიცებას, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება, ბიძინა ივანიშვილს „არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ყოფნის გამო წარმოეშვა“, ორგანიზაციას შევახსენებთ, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს ანტიკორუფციულ ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“ ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან თუკი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არაუმეტეს 2 თვის ვადით.
ამავე კანონის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია.“
კანონში არსებული ზემოაღნიშნული დათქმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სიცრუეს ავრცელებს. მე-11 მოწვევის პარლამენტმა, 2024 წლის 25 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე, დეპუტატების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილება ცნო, რომელიც მას ამავე წლის 10 დეკემბერს, მისივე მიმართვის საფუძველზე შეუწყდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავება, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება 2 თვეს.
შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას.”- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს