ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ tv-პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელები მათთან არანაირ კავშირში არ არიან

‘ისინი არ არიან პოლიციელები, სპეცრაზმის წარმომადგენლები, ისინი არ არიან ჩვენი აქტივის წევრები, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.
მდინარაძის მტკიცებით, თავდასხმა განახორციელა მან, ვისაც არეულობა და ქაოსი უნდა.
„ჩემი სუბიექტური აზრია, ვისაც არეულობა, ქაოსი და ახალი ე.წ კარწინკები სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმის მითუმეტეს, არის ამორალური“, – აცხადებს მდინარაძე.
ფაქტს გამოეხმაურა ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძეც, რომელიც ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმა პროვოკაციაა.
მისი განცხადებით, აღნიშნული პროვოკაცია ჩაიდინა იმან, ვისაც კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია და დაპირისპირება სურს.
„ეს არის პროვოკაცია, ჩაიდინა მან ვისაც უნდა კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია, კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება. სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად“ – წერს ბოჟაძე.
შეგახსენებთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმ „ტვ პირველის” თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.