“ქართული მაფია” ესპანეთის ყურადღების ცენტრში – “კურიერისის” ინფორმაციით, 31 დაკავებულს შორის უმრავლესობა ქართველია, მათ შორის ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი და რამდენიმე ქალია

ქართული მაფია კვლავ ესპანური მედიის ყურადღების ცენტრშია. სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით “სხოდკა” ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა.
“ლა მაფია ჯორჯანა” – ამ სახელწოდებით გამოვიდა დღეს თითქმის ყველა ესპანური გაზეთი.
კატალონია, ანდალუსია, ვალენსია. ქალაქები: ბარსელონა, ბადალონა, ალიკანტე, მარბელა – 6 ქალაქში, საერთო ჯამში, 31 კრიმინალი დააკავეს, მათი უმეტესობა კი, ქართველია. საპოლიციო ღონისძიებაში 350 ესპანელ სამართალდამცველთან ერთად ჩართული იყო გამოძიების ფედერალური ბიურო და ინტერპოლი. საცხოვრებელი სახლების გარდა ჩხრეკა ჩატარდა ქართველების მიერ დაფუძნებულ საკურიერო ოფისში, სახელწოდებით “სამება”, სადაც რამდენიმე ბრალდებული ადგილზე დააკავეს.
ესპანური გამოძიება არ ასაჯაროებს, თუმცა “კურიერისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთა შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან დადეშქელიანი. ის ტარიელ ონიანის გავლენიანი კლანის წარმომადგენლად ითვლება. ამავე კლანს წარმოადგენს ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელიც, მეტსახელად “ჭია”. “რუსთავი 2-მა” გაარკვია, რომ ბარათელი, ამ ეტაპზე, არ დაუკავებიათ, თუმცა ესპანური გამოძიების მასალებში მისი გვარი ნამდვილად ფიგურირებს.
“კურიერის” ინფორმაციით, ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ძარცვისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულ ქართველებს შორის რამდენიმე ქალია. თბილისში ბრალდებულთა ახლობლები დანაშაულთან კავშირს გამორიცხავენ და უარყოფენ, რომ დაკავებულები ნაძარცვ ძვირფასეულობას საქართველოში აგზავნიდნენ.
სპეცოპერაცია, რომელშიც ინტერპოლი და გამოძიების ფედერალური ბიუროც არის ჩართული, ჯერ არ დასრულებულია. ესპანური მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში დაკავებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს