ქართული კომპანიები და ბიზნესმენები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

ქართული კომპანიების და ბიზნესმენების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ. კომპანიები ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას გამოხატავენ და მომიტინგეების მიმართ ძალადობას გმობენ.

საქართველოს ბანკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს. ევროპისკენ მიმავალ გზაზე – არ გაჩერდე”, – წერია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“თიბისი” საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“თიბისი” წერს, რომ მტკიცედ ჯერათ, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.
“თიბისი”, როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის 32-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.
თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.
ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის”, – ავრცელებს “თიბისი”.
პროკრედიტ ბანკი
“წინ ევროპისკენ!” – სოციალურ ქსელში ამ პოსტით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა “პროკრედიტ ბანკი – საქართველოს” გენერალური დირექტორი ალექსი მატუა.
“მომავალი ევროკავშირშია”, – წერს მატუა.
სილქნეტი და სილქ როუდ ჯგუფი
სილქნეტი და სილქ როუდ ჯგუფის კომპანიები ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას გამოხატავენ.
სილქნეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე დაგმობილია ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
“სილქნეტი და სილქ როუდ ჯგუფის კომპანიები მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას.
არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ!”,- აღნიშნულია განცხადებაში.
“მაგთიკომი”
კომპანია “მაგთიკომი” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და პროდასავლურ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხზე ძალადობას გმობს.
“მაგთიკომი კატეგორიულად გმობს საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად შეკრებილი ხალხის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და რჩება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგული. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს მომავალი ევროპაშია!” – წერს “მაგთიკომი”.

ჰოლდინგი” ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა მიუღებელია.
განცხადების თანახმად, კრიზისული მდგომარეობა აზიანებს ქვეყნის მომავალს და საფრთხეს უქმნის განვითარებას.
“თეგეტა ჰოლდინგში, უკვე თითქმის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესის განვითარება ქვეყნის განვითარების პერსპექტივიდან დავინახოთ.
მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა აზიანებს უპირველესად ქვეყნის მომავალს, საფრთხეს უქმნის განვითარებასა და იმ საერთო მიზნებს, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე დავისახეთ.
ასევე, მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. თითოეული ქართველის მოვალეობაა, დავიცვათ კონსტიტუცია და ყველა ჩვენგანის ინტერესშია, გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც დასავლური სამყარო უხსნის ჩვენს ქვეყანას.
წინ და წინ, ევროპისკენ!”,- წერია განცხადებაში.
“ელმავალმშენებელი“
სს “ელმავალმშენებლის” დამფუძნებელი, ირაკლი ჭითანავა კომპანიის თანამშრომლებს მოუწოდებს, საქართველოს გადარჩენის საქმეში ჩაერთონ.
ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა დუმილის დრო არ არის.
“ასე მოქცევა არ შეიძლება, საქართველო არ გაიცვლება ს ფულში. ჩვენი შვილების სიცოცხლის გაწირვა არ შეიძლება ერთი ადამიანის ინტერესებში. დღეს გვართმევენ სამშობლოს, სახლში ჯდომის დრო არ არის.
როგორც დამფუძნებელი, მოგიწოდებთ სს “ელმავალმშენებელი”-ის თანამშრომლებს ჩაერთოთ საქართველოს გადარჩენის საქმეში. ქარხანა და სამუშაო ადგილი წაგვართვეს, ახლა სამშობლოს გვართმევენ, დუმილის დრო არ არის. მეგობრებო, დღეს თუ თქვენ დადგებით ფეხზე, ხვალ სხვა რკინიგზელები შემოგვიერთდებიან. გამოავლინეთ თქვენი მტკიცე ხასიათი!”,- წერს ირაკლი ჭითანავა.
ორბი ჯგუფი
ორბი ჯგუფი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს.
“ორბი ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს: უარი ძალადობას, წინ ევროპისკენ, საქართველო გაიმარჯვებს!”, – წერია განცხადებაში.
“პინეო სამედიცინო ეკოსისტემა”
“პინეო სამედიცინო ეკოსისტემის”თანამშრომლები მომდინარე პროცესებს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ:
“ჩვენ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი წლებია ვდგავართ ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ჩვენს მიერ გადარჩენილია უამრავი სიცოცხლე, რაშიც გვეხმარება ევროპული განათლება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ. ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ გამოცდილებას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს პაციენტების დახმარებას უახლესი მეთოდებით და მათ საბოლოო გამოჯანმრთელებას.ვთვლით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის,” – წერია განცხადებაში.
რესტორნები “შავი ლომი”, “ნინიას ბაღი”, “კაფე ლეილა” და “კაკლები”
რესტორნების “შავი ლომი”, “ნინიას ბაღი”, “კაფე ლეილა” და “კაკლების” მმართველი და შეფმზარეული მერიკო გუბელაძე, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ობიექტებს დროებით ხურავს.
„არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და თვალები დავხუჭოთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. რესტორანი დაკეტილია. საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – ნათქვამია რესტორნების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სასტუმრო Residence Hill SOPRA
ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Residence Hill SOPRA ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს.
სასტუმროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის კონსტიტუციისა და მისი დემოკრატიული განვითარების პრინციპების დარღვევას, დროებით შეწყვეტენ ყველა გადასახადის გადახდას.
თემურ ჭყონია
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ ლოგიკური ახსნა არ აქვს.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ნიშნავს უარს ევროკავშირთან ურთიერთობაზე.
„მე მივდივარ [პროევროპულ] აქციაზე… არ მგონია, რომ ჩემს წასვლას დიდი დატვირთვა აქვს, მაგრამ ჩემი პატარა მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა შევასრულო“ – ამბობს თემურ ჭყონია.
პაატა ტრაპაიძე
გზების მშენებლობის სფეროში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის – „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელის და გენერალური დირექტორის, ბიზნესმენ პაატა ტრაპაიძის აზრით, მმართველი პარტიის იძულება, დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე, მხოლოდ ქართველი ხალხის ძალისხმევით უკვე შეუძლებელია. BMG ბიზნესმენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ეკონომიკაში მისგან მომდინარე რისკებზე ესაუბრა.
„მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები თუ დაგვეხმარებიან, თორემ გამორიცხულია მარტო რამე გავაკეთოთ [იგულისხმება ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება]. პესიმისტი არ ვარ, მაგრამ საქმე უკვე შორს წავიდა… უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არავის უკან დასახევი გზა არ აქვს“ – ამბობს ბიზნესმენი.
რესან ქიქავა
„ექსპო ჯორჯიას“ დირექტორის, რესან ქიქავას განცხადებით, საჯარო მოხელეს, რომელიც დღეს რაიმე ფორმით არ აპროტესტებს იმას რაც ხდება, დაკარგული აქვს ღირსება.
“ხალხის ნება გამოხატულია კონსტიტუციაში. საქართველოს მოქალაქეები, თავისი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს თმობენ, იმისთვის რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასი და ყველა ის პრივილეგია უზრუნველყონ, რასაც ისინი იღებენ, კონსტიტუციიდან გამომდინარე მათი უფლება-მოვალეობების აღსრულების მიზნით!
საჯარო მოხელეს, რომელიც დღეს რაიმე ფორმით არ აპროტესტებს იმას, რაც ხდება, დაკარგული აქვს ღირსება! ვინც ამას თუნდაც ჩუმად აკეთებს, იმსახურებს პატივისცემას! მოხელე, რომელიც ღიად გამოთქვამს თავის პროტესტს – არის გმირი! ღირსეული საქციელის და მით უმეტეს გმირობის შესაძლებლობა ყოველთვის არ გექნებათ”, – აცხადებს რესან ქიქავა.
არმაზ თავაძე
ბიზნესმენმა არმაზ თავაძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „კომერსანტთან“ კომენტარი გააკეთა.
-სთან და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე, ქართული ეკონომიკის და ბიზნესის მომავალი რთულად წარმომიდგენია“, – ამბობს არმაზ თავაძე.
თამაზ დაუშვილი
ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის გაჩერებაზე მთავრობის განცხადება მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ინტერესებს.
“ის რომ გარკვეული შეფერხება იქნებოდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ეს ჩანდა, მაგრამ თუ ასეთი ფორმით მოხდებოდა, ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო და ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ გვიწევს საუბარი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაურკვეველი ვადით გადადებაზე”, – აღნიშნა დაუშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. 4 ღამეა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, რომელსაც საპოლიციო ძალები სასტიკი მეთოდებით შლიან. დაშავებული და დაკავებულია ასზე მეტი ადამიანი. დაზიანებები მიიღო მედიის ათეულობით წარმომადგენელმა.