ქართული კომპანიებისათვის რუსეთში საწვავის შესასყიდი ფასი გაიზარდა – “სენტა პეტროლიუმი”

საქართველოში ბენზინი გაძვირდა. გაზაფხულზე, საერთაშორისო ტრენდის შესაბამისად შემცირებული ფასი 24 ივნისიდან უკვე 2-დან 20 თეთრამდე ზრდას აჩვენებს. “სენტა პეტროლიუმის” დირექტორი საწვავის გაძვირების ძირითად მიზეზებს შორის საერთაშორისო ბაზარზე არსებული მცირე რყევებს და ს ბაზარზე ბენზინის გაძვირებას ასახელებს.
“ძირითადად ორი მიზეზია. ბოლო თვე ნახევარს თუ ავიღებთ, საერთაშორისო ბაზარზე ფასები გაიზარდა. გარდა ამისა, არის კიდევ მეორე მიზეზიც, ვინაიდან რუსეთი არის ჩვენი მთავარი მომწოდებელი, რუსეთში შიდა ბაზარზეც გაიზარდა ფასი და შესაბამისად მყიდველებისათვის, ქართული კომპანიებისათვის შესასყიდი ფასი გაზრდილია, ანუ მათ გაგვიძვირეს ბენზინი. ეს არის ძირითადი მიზეზები. საბედნიეროდ, კურსმა რომ გამყარება დაიწყო, ამან ცოტა შეაჩერა ფასების ზრდა, თორემ რომ ყოფილიყო იგივე ნიშნულზე ან გაზრდილიყო, ეს კიდევ უფრო მეტად აისახებოდა ფასებზე.
რუსეთის ბაზარზე ზაფხულის პერიოდში, როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე. ეს უკვე ტენდენციაა რუსეთის ბაზრის, რომ ამ პერიოდში შიდა მოხმარება იზრდება, მოხმარების ზრდა იწვევს მეტ მოთხოვნას საწვავზე და ამას მოჰყვება ფასის ზრდა, რაც მერე უკვე ჩვენზე, როგორც იმპორტიორებზე გადადის,”-ამბობს “სენტა პეტროლიუმის” გენერალური დირექტორი ზაალ იაკობიძე BMG-სთან.
მარტში ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულების შემცირება დაიწყო. საქართველოში საწვავის რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად, ქვეყნის შიგნით საწვავის კიდევ უფრო მეტად გაიაფებასაც პროგნოზირებდნენ. საწვავის გაიაფების ტენდენცია მაისშიც შენარჩუნდა. თუმცა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის დაღმავალი ტრენდი, ზრდით შეიცვალა და ქვეყანაში საწვავის ფასი ბოლოს ერთი თვის წინ 24 ივნისს გაიზარდა.