„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ – ასე ეწოდება კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში იმართება. მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება.
17 ივნისს 17: 00 საათზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი, გრიბოედოვის #8) ალოიზ მიზანდარისადმი მიძღვნილი შეხვედრა-კონცერტი გაიმართება. ალოიზ მიზანდარი იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი, პირველი დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი. ეს ნაწარმოები არის რომანსი ჩვენ დავშორდით, რომელსაც „ქართული მუსიკის საღამოებზე“ მის სხვა ნაწარმოებებთან ერთად, შეასრულებენ თამარ ლიჩელი და მეგი ჩიხრაძე.
მიზანდარი იყო ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი, მისი მოსწავლე იყო ანა თულაშვილი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული საფორტეპიანო სკოლის განვითარებაში.
ალოიზ მიზანდარმა პირველი სამუსიკო სკოლა დააარსა, რომელიც ჯერ გადაიქცა სასწავლებლად და 1917 წელს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად. ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ქართულ მუსიკალურ კულტურაში. ის იყო პირველი ქართველი, რომელიც გავიდა მსოფლიო არენაზე. იგი ხშირად უკრავდა ლისტთან ერთად დუეტებს. მისი განსაკუთრებული ღვაწლის აღსანიშნავად, „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ერთი კონცერტი ალოიზ მიზანდარის შემოქმედებას მიეძღვნება.
პირველი კონცერტი 15 მაისს თბილისში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა. ქართული კლასიკური საღამოების კონცერტებსა თუ მასტერკლასებში მონაწილეობენ : თამარ ლიჩელი – პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი – პიანისტი, დავით ალადაშვილი – პიანისტი, ნატალია ქუთათელაძე – მეცო სოპრანო, გიგი პიანომენი – პიანისტი, ლიზი რამიშვილი – ჩელისტი, ვიქტორია ჩაპლინსკაია – პიანისტი, გიორგი შავერზაშვილი – პიანისტი და კომპოზიტორი, ნათია ქავთარაძე – პიანისტი, გიორგი ხაინდრავა – მევიოლინე, ნოდარ მდივანი – კლარნეტისტი, ქეთევან თავშავაძე – მევიოლინე, გივი გიგინეიშვილი – ბანი, მარიკა მაჩიტიძე – სოპრანო, ასაფ კლაინმანი – პიანისტი, ,,საქართველოს სინფონიეტა ”.
საკონცერტო სერიების ფარგლებში შესრულდება როგორც ქართველ კლასიკოსს კომპოზიტორთა შედევრები, ასევე ქართველი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები. შესრულდება ზ. ფალიაშვილის, მ. ლაღიძის, ვ. აზარაშვილის, ბ. კვერნაძის, გ. ყანჩელის, ს. ბარდანაშვილის, ი.გეჯაძის, დ. არაყიშვილის, მ. ბალანჩივაძის, ს. ნასიძის, ნ. ჯანჯღავას ნაწარმოებები. გაიმართება ნაწარმოებების პრემიერებიც. „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების” ფარგლებში კონცერტები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება თელავში, ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმში, სენაკში. პროექტის დასკვნითი საღამო თბილისში კონსერვატორიაში 5 დეკემბერს შედგება.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.
პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში. 2025 წელს, გარდა კონცერტებისა, დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში დამწყებ მუსიკოსებთან შეხვედრა მასტერკლასები .
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 2024 წელს დაფუძნდა და არა მხოლოდ მუსიკოსთა წრეში, არამედ ფართო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. საკონცერტო სერიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, პარტნიორი: საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
