ქართული თხილის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გადის, ჩვენი მიზანია კონკრეტული ნიშა გვქონდეს არა რაოდენობის, არამედ ხარისხის კუთხით – გიორგი თოდუა

ქართული თხილის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გადის, ჩვენი მიზანია კონკრეტული ნიშა გვქონდეს არა რაოდენობის, არამედ ხარისხის კუთხით – გიორგი თოდუა
მიმდინარე წელს თხილის ფასები თითქმის გაორმაგდა, კონკრეტული ხარისხის თხილის პროდუქტის ფასი, რომელიც შარშან 4 ლარი ღირდა, წელს 7-8 ლარია. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ ისაუბრა
„ბუნებრივია ფასის ცვლილება სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის ბაზარი, სადაც ფაროსანას პრობლემები დგას და იმ პირობებში არიან, როგორშიც ჩვენ ვიყავით 2017-2018 წლებში,“ – განაცხადა გიორგი თოდუამ.
თოდუას თქმით, ფასწარმოქმნის პირობებში თურქეთის ბაზარს დიდი როლი აქვს, რადგან ექსპორტირებული თხილის 70%-ს აწარმოებს და შესაბამისად ბაზარზე არსებული ფასი მათ მოსავალზეა დამოკიდებული.
„თურქულ ბაზარზე ბევრი რამ არის დამოკიდებული სამომავლოდ, თუმცა მთავარია ჩვენ არ ვიყოთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებული, მთავარია, რომ ჩვენ ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქტი, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პოტენციალი სექტორს გაცილებით მეტი აქვს,
კარგია ის ფაქტიც, რომ ჩვენი ექსპორტის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გადის, იტალიაში და გერმანიაში და ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ კონკრეტული ნიშა გვქონდეს არა რაოდენობის, არამედ ხარისხის კუთხით, ძალიან კარგი იქნება თუ მომავალში ფერმერების მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება,“- აღნიშნა გიორგი თოდუამ.