ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„85 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს გამორჩენილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა.

მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და თეატრალურ საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქეთევან კიკნაძე დაიბადა 1939 წელს, ქალაქ ბორჯომში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს. სწორედ ამავე წლიდან 1967 წლამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, 1967 წლიდან 1977 წლამდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა, 1977 წლიდან კი კვლავ მარჯანიშვილის თეატრში ბრუნდება. ქეთევან კიკნაძე გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“, 1966 წელი), თინა („ტარიელ გოლუა“, 1968 წელი), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელი), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“, 1990 წელი), მარგო („პრემიერა“, 1991), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“, 1983), გულჩინა („ყავა და ლუდი“) და სხვა. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში: ხატია („მე ვხედავ მზეს“), მაკა („ბუდე მეცხრე სართულზე“), ოგიუსტინა („რვა მოსიყვარულე ქალი“), ბეტი („ჩარლის დეიდა“) და სხვ. არის თეატრისა და კინოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი. ქეთევან კიკნაძე 1999 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.