ქართული ემიგრაციული ორგანიზაციების გმობენ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებული აქტივისტის ნინო დათაშვილისათვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ და აცხადებენ, რომ „ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს“.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილის პრორუსული რეჟიმი, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოდეს სტიგმას, „გადასულია უდანაშაულო ადამიანების დაავადებულებად გამოცხადების მავნე პრაქტიკის დაბრუნებაზე და დათაშვილის მაგალითი განგაშისათვის პირველი სიგნალია“.
„ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ქართული ემიგრაციული ორგანიზაციები და ემიგრაციული ჯგუფების წარმომადგენლები, სასტიკად ვგმობთ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური პატიმრის ნინო დათაშვილისათვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
ადამიანების დისკრედიტირებისა და მეტიც, ხშირად წამებისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხის გამოყენება წარმოადგენდა საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს, რომლის დროსაც ადამიანები იძულებითი მკურნალობის საფარქვეშ ხდებოდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები და ამასთან დაკავშირებით მსოფლიოსათვის უამრავი მაგალითია ცნობილი.
დღეს, საქართველოში მოქმედი ბიძინა ივანიშვილის პრორუსული რეჟიმი, რომელსაც ფაქტობრივად მიტაცებული აქვს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისათვის ქმნიდეს შესაბამის სარეაბილიტაციო დაწესებულებებს და ებრძოდეს სტიგმას, გადასულია უდანაშაულო ადამიანების დაავადებულებად გამოცხადების მავნე პრაქტიკის დაბრუნებაზე და ნინო დათაშვილის მაგალითი არის პირველი სიგნალი განგაშისათვის.
მსოფლიოს მრავლად ახსოვს მაგალითები, როცა საბჭოთა კავშირმა დევნის ასეთი ყოველგვარ მორალსა და ზნეობას მოკლებული მეთოდი გამოიყენა ისეთი ადამიანების მიმართ, როგორებიც არიან: ალექსანდრ ბუკოვსკი, ნატალია გორბანევსკაია, ლეონიდ პლეშაკოვი, ანატოლი კორუაგინი და სხვა. საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ ყოფნის პირობებში საქართველოშიც აქტიურად გამოიყენებოდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დასჯის ეს მექანიზმი. ამის ნათელი მაგალითია ნაზი შამანაური რომელსაც 1982 წელს დუშეთის რაიონის სასამართლომ იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა თბილისის ასათიანის სახელობის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც იგი არაერთგზის გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხოლო 1983 წლის იანვარში ნაზი შამანაური საავადმყოფოს პერსონალმა სცემა, რის შედეგადაც მიყენებული დაზიანებების შედეგად იგი გარდაიცვალა. სწორედ ამ პრაქტიკის გაგრძელებაა ის, რასაც ახლა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი აკეთებს.
მოგმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოებების ლიდერებს. საჭიროა, დროულად იქნას აღმოფხვრილი ადამიანის მიმართ ფსიქიკური ჯანმრთელობის, როგორც წამების ინსტრუმენტის გამოყენების ეს საფრთხე. საჭიროა, დროულად გამოეხმაუროთ ამ პრაქტიკის დაბრუნებას ქართულ რეალობაში. საჭიროა, სანქციების ქვეშ მოექცეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში, მათ შორის პირველ რიგში მოსამართლე ფიქირია სიქტურაშვილი, პატიმრობის შემფარდებელი მოსამართლე ეკა ბარბაქაძე და საქმის პროკურორები მედეა ცირამუა და ნინო კეპულაძე.
ქართული ემიგრაციული ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები გამოვხატავთ მზადყოფნას, მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც შესაძლებლობას მოგცემთ იმოქმედოთ დაუყოვნებლივ და შესაძლებელი გახადოთ უდანაშაულო ადამიანის დაცვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორებისაგან.
ჩვენ გვჯერა, რომ დღეს ქართული სამოქალაქო საზოგადოების, მისი აქტიური წევრების დაცვა და მათი ბრძოლის მხარდაჭერა გამოიღებს შედეგს. დამარცხდება არალეგიტიმური ხელისუფლება და საქართველო კვლავ დაუბრუნდება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
ქართველთა ასოციაცია ნორვეგიაში „კრება“; ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი (ICGE), ბელგია; „თაობები საქართველოსთვის“; „თაობები საქართველოსთვის“ – იტალია; „ქართული თემი დიდ ბრიტანეთში“. შტუტგარტის ჯგუფი; „თავისუფლების ფონდი“, გაერთიანებული სამეფო; „ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის”; ასოციაცია „თამარიელი“; „ცხრათვალა“, საბერძნეთი; II Generation; დანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები; „კანადელი ქართველები პროგრესისთვის”; შვედეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები; „ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი”; „პლატფორმა 2025”; „გზა“; ქართველთა სათვისტომო ავსტრიაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
