ქართული დროშით ფოტოს გადაღებისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მოქალაქეები გააძევეს
10 აპრ 202622:50
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სოჭის მცხოვრებლები ქართული დროშით ფოტოს გადაღების გამო ოკუპირებული აფხაზეთიდან გააძევეს.
ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ნინი ბრონიკი და მისი შვილი ტიმურ უგუროვი ოკუპირებულ სოხუმში, ქალაქის შესასვლელთან გაჩერდნენ, რა დროსაც, დედამ შვილს ქართული დროშით ფოტო გადაუღო.
ტიმურ უგუროვის თქმით, ბიძისა და დეიდის მოსანახულებლად ჩავიდა, ფოტო კი “დაუფიქრებლად” გადაიღო. ამის შესახებ კი გამვლელებმა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს.
ქალის თქმით, ავტომობილი სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა მალევე გააჩერეს და სთხოვეს, გაჰყოლოდნენ.
საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებულების დაკითხვის ვიდეოც გამოაქვეყნა, ვიდეოში ისინი ბოდიშს იხდიან და ამბობენ, რომ “არ სურდათ აფხაზი ხალხის შეურაცხყოფა, ეროვნული გრძნობების შელახვა და აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება”.
ამის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა ოკუპირებული აფხაზეთი დეფაქტო სპეცსამსახურის თანამშრომლების თანხლებით დატოვეს.