ქართული ბიზნესსექტორის მოლოდინი არასტაბილურ ეკონომიკურ პირობებში

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს” ორგანიზებით საბანკო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს, როგორ არის შესაძლებელი ბიზნესის მხარდაჭერა. მსჯელობის საგანი იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ეკონომიკური სირთულეების დაძლევის გზებიც.
ბიზნესსფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, ის რომ საქართველოს ევროინტეგრაცია „ქართული ოცნების” 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა, საქართველოს ეკონომიკურ პარამეტრებზე განსაკუთრებით აისახა.
„საქართველოს განვითარება გადის ევროპაზე – ევროპულ დემოკრატიაზე, ამიტომაც ჩვენმა ხალხმა აირჩია ქვეყნის ევროპული გზა. რამდენად ჩაანაცვლებს ევროპულ ინვესტიციებს, მაგალითად, ჩინური, არაბული თუ სხვა ქვეყნების ინვესტიციები, ეს არის რთული განსახილველი. ყველა ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, ინდოეთს, არაბულ სამყაროს, აქვს ინვესტიციების ჩახედვის თავისი ხედვა. მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებთან უნდა გაგრძელდეს კომუნიკაცია, მათ შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთთან ჩავჭრათ ეს [ორმხრივი თანამშრომლობა]. პირიქით, ევროპასთან უნდა გვქონდეს ის, რაც გვქონდა, ძლიერად უნდა ვიყოთ წარმოდგენილნი, ეს არის მმართველი პარტიის ვალდებულება, რომ ეს კონტაქტები და ეს ურთიერთობები იყოს ევროპასთან შენარჩუნებული“, – განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.
„ცუდი [ეკონომიკური] პერიოდი რომ არის, ის შენც გეხება, თუმცა სხვადასხვა ფორმით. „მოდი, ქორწილს ახლა არ გადავიხდი”; „მოდი, დაბადების დღეს სხვა დროს გადავიხდი”; „მოდი, ვიწრო წრეში შევიკრიბოთ“; „რა დროს ქეიფია“ – ასეთი განწყობები განაპირობებს, რომ უამრავი კორპორაციული, ქორწილი თუ სხვა ტიპის ღონისძიება გაუქმებულია. სასტუმროს ჯავშნებსაც ეხება ეს ვითარება. ვსაუბრობთ იმაზე, რომ უფრო ცუდი სცენარისთვის მოვემზადოთ. თუკი ეს ცუდი სცენარი არ იქნება, უკეთესი იქნება ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, თუმცა, მაინც მზად უნდა ვიყოთ“, – თქვა რესტორატორმა კოტე გაბრიჩიძემ.
ბიზნესსფეროს წარმომადგენელთა თქმით, წარმოდგენილი მონაცემები რეალობისგან განსხვავებულია, ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზები არ მოიძებნება, ქვეყანა სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგება, რაც ექსპერტთა შეფასებით, თითოეულ მოქალაქეზე აისახება.
წყარო: euronews georgia