“ქართული ბიზნესი მიეჩვია ამ რეჟიმში მუშაობას, როცა ძალიან სწრაფად ხდება ცვლილებების მიღება”, – ამის შესახებ EBA-ს (ევროპის ბიზნეს ასოციაცია) იურიდიული კომიტეტის თანათავმჯდომარემ დავით გელაშვილმა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის დაჩქარებულად შეცვლაზე საუბრისას აღნიშნა.
საქმე ისაა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი გასულ თვეს გაამკაცრა, რომლის თანახმად, ქვეყანაში უცხოელების დასაქმება რთულდება. კერძოდ, უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი დაინერგება. გათვალისწინებულია კანონის 2026 წლის 1 მარტს ამოქმედება. მანამდე კი უნდა მოესწროს შრომითი საქმიანობის უფლების სისტემის დანერგვა და მისი აღსრულებისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავება.
დავით გელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერად მაინც იქნება უფრო მეტი სიცხადე და შეხვედრები, რათა ბიზნესისთვის უფრო გასაგები გახდეს, რაზეა საუბარი.
„ქართული ბიზნესი მიეჩვია ამ რეჟიმში მუშაობას, როცა ძალიან სწრაფად ხდება ცვლილებების მიღება, გზადაგზა ვიგებთ, მერე უნდა დაეწიოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, მთავრობის დადგენილება ან რაიმე სხვა დამაკონკრეტებელი ინსტრუქციები… ეს ზოგჯერ ვერ ესწრება, ზოგჯერ გვიან ხდება, ამიტომ მეტ-ნაკლებად ქართული ბიზნესი ამ რეჟიმში ყოფნას მიეჩვია.
იმედია, მეტი სიცხადე იქნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით და იქნება შესაბამისი შეხვედრები და განმარტებები“, – აღნიშნა დავით გელაშვილმა.
მისივე თქმით, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებების პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყვნენ ბიზნესები, სპეციალისტები, ასოციაციები, განხილულიყო თითოეული პუნქტი, რათა არ გაპარულიყო ბუნდოვანება, ვინაიდან უკვე აღსრულების დროს ბუნდოვანების გამო, იქმნება პრობლემები. დავით გელაშვილმა რამდენიმე საკითხიც გამოყო, რომლებსაც EBA ახალ კანონმდებლობაში პრობლემურად მიიჩნევს.
„რამდენიმე საკითხის გამოყოფა შეიძლება [ახალ კანონმდებლობაში]. პირველი – არ არის მკაფიოდ გამიჯნული შრომითი ურთიერთობები და უცხოელი დასაქმებულები, რომელთაც ეს კანონი დაარეგულირებს, ბიზნესის მწარმოებელი სუბიექტები, მაგალითად, დირექტორები, დამფუძნებლები, ინვესტორები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და ა.შ. ეს თუ გავრცელდება ასეთი ტიპის სუბიექტებზე – მაგალითად, ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს უცხოელი წევრი ჰყავს – ეს დააზარალებს კორპორაციულ ურთიერთობებს, ვინაიდან უცხოელი კვალიფიცირებული სპეციალისტების არსებობა ბორდში, მმართველობით სტრუქტურებში ღირებული კომპონენტია, რადგან ეს ზრდის სანდოობას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას და ა.შ. აქ მეტი სიცხადე იქნებოდა საჭირო.
მეორე – კანონი ეხება თვითდასაქმებულებსაც, ანუ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ არა რომელიმე კომპანიაში, არამედ თავად ეწევიან სერვისს დამოუკიდებლად. ეს ერთი შეხედვით თითქოს საჭირო რეგულაციაა, მაგრამ მანდაც საჭიროა კონკრეტიკა. ბევრგან შეიმჩნევა წუხილი, რომ უცხოელები არიან წარმოდგენილი ბაზარზე, მაგალითად, უცხოელი გიდები, პარაპლანერების მომსახურება ტურისტებისთვის, გადამყვანები, მძღოლები. ასეთი სუბიექტებიც ამ რეგულაციაში ექცევიან. თუმცა მანდაც მკაფიო გამიჯვნაა საჭირო, რა შემთხვევაში შემოდის ის რეგულაციის ქვეშ, რამდენჯერ უნდა გასწიოს მან მომსახურება და ა.შ.“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.
ცნობისთვის, ახალი კანონმდებლობით, საქართველოში, შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელის, ისე ადგილობრივი დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს. უცხოელებს მოუწევთ საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლება აიღონ, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ ან ადგილობრივმა დამსაქმებელმა, ან კიდევ თავად უცხოელმა თუ თვითდასაქმებულია. უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე აქვს.
