ქართული ბიზნესი კადრების დეფიციტს ისევ განიცდის, მიზეზად ხელფასი და კვალიფიკაცია სახელდება

ქართული ბიზნესი კადრების დეფიციტს ისევ განიცდის და ამის მთავარი მიზეზი ხელფასი და კვალიფიკაციაა. დასაქმებულებს ანაზღაურება არ აკმაყოფილებთ, ბინზესი კი ამბობს, რომ ხელფასებს მეტად ვეღარ გაზრდის, წინააღმდე შემთხვევაში პროდუქციის გაძვირება მოუწევს.
უკვე წლებია კერძო სექტორი კადრების სიმცირეზე საუბრობს. ბიზნესმა თანამშრომლლების ანაზღაურება რაღაც დონეზე გაზარდა, თუმცა, როგორც ჩანს, არა ისე, რომ დასაქმებულები კმაყოფილნი იყვნენ.
პრობლემაზე ისაუბრა კომპანია „კუმისის” დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა და განაცხადა, რომ მუშახელის დეფიციტი სულ უფრო მწვავდება.
„არანაირი წინსლა არ გვაქვს ამ მიმართულებით, პირიქით, კადრების პრობლემა არათუ მოგვარდა, არამედ უფრო და უფრო გართულდა და ეს ეხება, როგორც კვალიფიციურ ადამიანებს, ისე ზოგადად ყველა ტიპის მუშახელს.
რა დონეზეც ინფლაციაა გაქცეული და როგორი მოთხოვნაცაა ანაზღაურებაზე, იმ დონეზე ვერ იმატებს ხელფასი. მისი გაზრდა და სხვა ნებისმიერი ხარჯი, აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე, ფასების მატება კი ისეთი საკითხია, რომ ვერ ვბალანსდებით. დიახ, ხელფასები გაიზარდა, მაგრამ ისე არა, რომ დასაქმებაზე მოთხოვნა გაზრდილიყო”, – ამბობს უჩუმბეგაშვილი და ამატებს, რომ სხვადასხვა პოზიციებზე ტექნოლოგიურად ხდება კადრების ჩანაცვლება.
„სადაც შესაძლებელია ხალხის ტექნიკით ჩანაცვლება, იქ მიდის ეს პროცესი. ქართველები ამას მშვენივრად ითვისებენ, თანაც თანამედროვე ტექნოლოგია ისეთია, რომ არ არის საჭირო დიდი ცოდნა და უნივერსიტეტის დამთავრება, ამიტომ ზუსტად ამ პერიოდში ჩვენი საწარმოს გადაიარაღება მიმდინარეობს და ძალიან ბევრი ისეთი რამ კეთდება, რომ მასშტაბურად ჩაგვინაცვლებს მუშახელს”, -ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
მისივე თქმით, უცხოელები საწარმოში არ დაუსაქმებიათ. ძნელად მოიძებნება სფერო, სადაც მუშახელის პრობლემა არ დგას. ნებისმიერ სექტორში და ნებისმიერი მიმართულებით სიმწვავეა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძეც ადასტურებს, რომ განსაკუთრებული პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის მხრივ.
„ვხედავთ, რომ ბოლო 2 წელია გვაქვს ძალიან მაღალი საინვესტიციო აქტივობა, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან იჩინა თავი კვალიფიციური კადრების პრობლემამ. როდესაც ინვესტიციას დებ, ხდება გაფართოება, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა. იქ უკვე არის სრულიად ახალი პროფესიები რომელიც სჭირდება საწარმოს. ამ მხრივ სერიოზული სიცარიელეა ჩვენთან.
აქედან გამომდინარე, ყურადღება მივაქციეთ ამ საკითხს. განსაკუთრებით ჩაერთო განათლების სამინისტრო და თავად მინისტრიც. როგორც სამინისტრო, ასევე ბიზნესი ფიქრობს, რომ თუკი წლების განმავლობაში თანხები იხარჯებოდა ისეთი ტიპის სპეციალობებზე, რომელიც პრინციპში უკვე მოძველებულია, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს ბიზნესის აქტიური მონაწილეობით”, – განმარტავს ლევან ვეფხვაძე.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა საკითხის მოგვარების პროცესში პროფესიული და უმაღლესი განათლების როლზე გაამახვილა ყურადღება. ვეფხვაძის აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში საჭიროა, მაღალი დონის კვალიფიკაცია და ამას უმაღლესი განათლება უზრუნველყოფს. პრობლემის მოკლე ვადაში მოგვარება კი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით შეიძლება.
სპეციალისტები კი შრომის ანაზღაურების მხრივ არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ კადრების დეფიციტს ადგილობრივი სახელფასო პოლიტიკა ქმნის. სწორედ ასეთი მდგომარეობის ფონზე, ქვეყანაში მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი, რადგან საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს ემიგრაციაში წასვლა და ბევრად მეტი თანხის გამომუშავება ურჩევნია,
სოციოლოგ პაატა აროშიძის განცხადებით, ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოში ძირითადი მოტივაცია არის ანაზღაურება და კერძო სექტორის მიერ გაზრდილი ხელფასი საკმარისი არ არის.
„ძირითადი პრობლემა არსებობს კერძო სექტორში, რადგან ბიზნესს მოქმედებისთვის და განვითარებისთვის სჭირდება პროფესიონალი კადრები, მაგრამ ახალგაზრდას ურჩევნია, რომ დასაქმდეს არა მისი პროფილის სამუშაოზე, არამედ მაღალ ანაზღაურებად პოზიციაზე. ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოში ძირითადი მოტივაცია არის ანაზღაურება.
გასაგებია, რომ ბიზნესმა რაღაც პერიოდის განმავლობაში ანაზღაურება გაზარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, განსაკუთრებით კი მათთვის ვინც აქტიურ სამუშაო ძალას წარმოადგენს – აქ მოიაზრება 18-დან 55-წლამდე ადამიანები. კონკრეტულად ახალგაზრდებისთვის ანაზღაურების გარდა, მთავარია სწავლაში ხელშეწყობა, კარიერული წინსვლა და სწორედ ამას ვერ ხედავენ და ამიტომ უჭირავთ უცხოეთისკენ თვალი, რადგანაც ფიქრობენ, რომ ემიგრაციაში ფინანსური თვალსაზრისით მაინც გაიუმჯობესებენ მდგომარეობას.
ასე რომ, აქ ოქროს შუალედი ან სახელმწიფო მითითება ვერ იარსებებს. ბევრი საუბარი იყო მინიმალური ხელფასის დაწესებასა და სხვადასხვა სტანდარტებზე, მაგრამ როდესაც სახელმწიფო მარეგულირებელის როლში აძლიერებს თავის პოზიციებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იქვე წარმოიშვება ჩრდილოვანი ეკონომიკა. ბიზნესი თავადვე უნდა მივდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვეო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ, საბოლოო ჯამში, საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება.
საქართველოში, ძირითადად, გავრცელებულია ვაჭრობის და მომსახურების სფერო. ცნობილი ისიც, რომ ეს ორი მიმართულება გამოირჩევა კადრების ხშირი დენადობით. ახალგზარდა მიდის ვაჭრობის სფეროში, იწყებს მუშაობას, გარკვეულ გამოცდილებას იძენს და შემდეგ ტოვებს ადგილს, რადგან იქ განვითარებას და კარიერულ წინსვლას ვეღარ ხედავს. ესეც გარკველ დეფიციტს ქმნის ბაზარზე.
ქართველი უცხოეთში შეიძლება წავიდეს მშენებლობაზე, მაგრამ აქ ხშირია უცხოელის დასაქმება იგივე მიმართულებით. მაგალითად, ბათუმში, როგორც სასაზღვრო ქალაქში, ბევრი თურქია დასაქმებული, ასევე ჩინელი და სხვა”, – ამბობს პაატა აროშიძე.
წყარო: რეზონანსი