ქართული ანბანის ასო-ბგერებისგან შემდგარი პროექტი შილდაში აშენდება და ის ტურისტული კომპლექსის ნაწილი იქნება – პროექტის დეტალები
შილდას მალე ტურისტული კომპლექსში შეემატება, რომლის ნაწილიც ქართული ანბანის ასოებისგან შექმნილი პროექტიც იქნება. ინვესტორი ქართველია. ის შილდაში იმ მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც ტურისტული კომპლექსის მოწყობა იგეგმება. კომპლექსი 10 000 კვადრატულ მეტრზე დიდ ტერიტორიას მოიცავს და მრავალ ობიექტს აერთიანებს. ტერიტორიაზე განთავსდება 110 ნომრიანი სასტუმრო, ამფითეატრები, კოტეჯები და სხვა მრავალი ობიექტი. მათ შორის არის ორიგინალური პროექტი, რომელიც საქართველოს რუკის კონტურში ქართული ანბანის 33-ვე ასოს აერთიანებს. ასო-ბგერები რუკის კონტურში არა ქაოსურად, არამედ კუთხეების ტერიტორიული დანაწილების ლოგიკით არის გადანაწილებული.
პროექტის დეტალებზე ,,კომერსანტი’’ იდეის ავტორსა და არქიტექტორს დადუნა შათაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს. ინვესტორი ქართველია, რომელიც სამშენებლო ნებართვის აღების შემდეგ მიწის გასხვისებას გეგმავს. შესაბამისად, ჯერ უცნობია თუ ვინ ჩაიბარებს პროექტს ასაშენებლად. ,,კომერსანტთან’’ საუბარში დადუნა შათაშვილი აცხადებს, რომ ხელის შემშლელი ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში მშენებლობა ზაფხულში დაიწყება და პროექტის ნაწილი წლის ბოლოსთვის დასრულდება.
,,პროექტი შეისყიდა ერთ-ერთმა ინვესტორმა, რომელიც არის მიწის მესაკუთრე. პროექტი დღეისათვის განსაზღვრულია და იგეგმება კახეთში, შილდაში. მიწის მესაკუთრე ქართველია. უშუალოდ ვინც ჩვენი დამკვეთია. როგორც ვიცი, ისინი მიწის გასხვისებას აპირებენ და ამ ეტაპზე ვინ აპირებს გააგრძელოს პროექტი ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია. ვინ დაიწყებს მშენებლობას ამ ინფორმაციას არ ვფლობ. რამდენიმე დღის წინ დამირეკა დამკვეთმა და მითხრა, რომ უახლოეს პერიოდში გეგმავს ნებართვაზე შევიდეთ. ვფიქრობთ, რომ ამ ჯერად საკმაოდ რეალურია მისი დაწყება. ვფიქრობთ, წელს ზაფხულამდე მოვრჩებით ნებართვის აღების პროცესს. პირველ ეტაპზე ჩვენ უნდა მივმართოთ თვითმმართველობას ნებართვის მოსაპოვებლად და შემდეგ დაიწყება მშენებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი არ იქნება წელს მშენებლობა დაიწყება. იმდენად მცირე მასშტაბის არის თითოეული მათგანი, რომ რაღაც ეტაპს ჩავხურავთ და წლის ბოლოსთვის შეიძლება პრეზენტაციაც გავმართოთ. გამიჭირდება სავარაუდო დროის დასახელება, თუ რამდენი დასჭირდება ნებართვის აღებას. დოკუმენტაციის მომზადებაზე ჩვენ ბევრი არ გვაქვს დარჩენილი. ნებართვის გაცემისას რა საჭიროებები დადგება, თვითმმართველობა რა დამატებით დოკუმენტაციას მოითხოვს წინასწარ გამიჭირდება ამაზე საუბარი. ჩვენი პროგნოზით, სურვილით და ვარაუდით ვფიქრობთ, რომ ზაფხულში დავიწყებთ მშენებლობას. თუ ხელის შემშლელი ფაქტორები არ იქნება.”- აცხადებს დადუნა შათაშვილი.
არქიტექტორს იდეა პანდემიის პერიოდში, 2021 წელს გაუჩნდა. იდეა კონცეფციად და მაკეტად აქცია. პროექტის მიმართ ინტერესი საზოგადოებისა და ინვესტორების მხრიდან თავიდანვე დიდი იყო, თუმცა პანდემიამ მის რეალიზებას ხელი შეუშალა, რის გამოც პროექტის გაყიდვა შეჩერდა.
,,პანდემიის დროს შეიქმნა ეს პროექტი. არა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, არამედ კონცეფციისა და ესკიზის დონეზე. როდესაც ყველაფერი გაჩერდა და რა მეკეთებინა არ ვიცოდი და უბრალოდ იდეა ვაქციე კონცეფციად და ესკიზად. რასაც მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება და ძალიან დიდი მოწონება საზოგადოების მხრიდან. რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა ამ პროექტის შესყიდვით და რეალიზებით. პანდემიის პერიოდში ძალიან გაჭირდა ამის რეალობად ქცევა და ძალიან შეაფერხა ამ პროექტის განვითარება, თუმცა რამდენიმე ინვესტორმა, ვისაც სურვილი ჰქონდა, გვთხოვეს, რომ დროებით გაგვეჩერებინა პროექტის რეალიზებაზე ფიქრი. ჩვენ ვართ საპროექტო ორგანიზაცია. ჩვენ პირადად არ ვაშენებთ. კომპანია ,,არქიტექსი’’ მხოლოდ პროექტირებას აკეთებს და შესაბამისად, პანდემია რომ დასრულდა და ნელ-ნელა ამოიქოქა ბიზნესი, უფრო გააქტიურდა ამ პროექტის რეალიზებაზე ზრუნვა ინვესტორების მხრიდან.’’- აცხადებს დადუნა შათაშვილი.
რაც შეეხება თავად პროექტის კონცეფციას. იდეის ავტორი ,,კომერსანტთან’’ განმარტავს, რომ მათ ქართული ანბანის ასო-ბგერები საქართველოს რუკის კონტურში ლოგიკურად გაანაწილეს. ასოები ერთმანეთთან ბილიკებით არის დაკავშირებული. ბილიკები კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის საზღვარს მიუყვება.
,,არ გვინდოდა ასო ბგერების ქაოსურად განაწილება და გვინდოდა, რაღაც ლოგიკაში მოგვექცია მისი განთავსება. საქართველოს რუკა იყო ეს გამოსავალი, რომ ჩვენ ასო-ბგერები გაგვენაწილებინა რუკაზე არსებული სხვადასხვა კუთხეების კონტურების მიხედვით და ამ მიმართულებით მიმავალი ბილიკებით. 10 000 კვადრატულ მეტრზე მეტია მიწა, სადაც ჩვენი დამკვეთი გეგმავს ამ პროექტის რეალიზებას. ამ ასობგერებთან ერთად ტერიტორიაზე განსაზღვრულია კიდევ დამატებით დიდი, 110 ნომრიანი სასტუმრო, მასტერკლასების ზონები, ამფითეატრები და იგეგმება ძალიან დიდი ტურისტული კომპლექსის მოწყობა შილდაში, სადაც იქნება ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ვისაც არ ენდომება სასტუმროში დაბინავება და ენდომება კოტეჯის ტიპის ნაგებობის ქირაობა, იქირავებს. საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდება შილდაში ტურისტული ცენტრის მშენებლობით. რადგან კომპლექტია ძალიან დიდი.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში იდეის ავტორი და არქიტექტორი დადუნა შათაშვილი.
