შპს “ქართული აგროპროდუქტის” მმართველი პარტნიორის, სოსო მანჯავიძის განცხადებით, კომპანიამ 2024 წელს წარმადობა 20%-ით გაზარდა. 2025 წლიდან კი წარმოებაში ჩამოსასხმელი ხაზის დამატებას გეგმავს. გეგმების შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საექსპორტო ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა, წარმადობის ზრდა, ასორტიმენტში ახალი პროდუქტების დამატება და საწარმოს გადაიარაღება განაპირობა. ამისთვის კი, კომპანიამ 2024 წელს 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„საექსპორტო ბაზრების დაინტერესების პარალელურად, წარმადობა დაახლოებით 20%-ით გავზარდეთ და 2025 წლიდან ქარხნის გადაიარაღებას ვგეგმავთ.
2024 წელს, ცალკე ყურძნისთვის და ასევე, ბროწეულისთვის შევიძინეთ დანადგარები. საუბარია პრესებზე, საჭყლეტებზე და ა.შ. ამისათვის, დაახლოებით 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ჩართული ვართ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში, ასევე ლიზინგსაც ვიყენებთ.
2025 წელს, ჩამოსასხმელი ხაზის დამატება გვინდა, რადგან სიმძლავრეები იზრდება. ჩვენ მთლიან ხაზს არ ვყიდულობთ, რაღაც ნაწილი უკვე გვაქვს და დაახლოებით 300 000 დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.