“ქართული აგროპროდუქტი” ასორტიმენტს აფართოებს – სად გაიყიდება ქართული წვენები?

“ქართული აგროპროდუქტის” მმართველი პარტნიორი, სოსო მანჯავიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ კომპანია ასორტიმენტში ახალ გემოებს, კერძოდ ყურძნისა და ბროწეულის წვენს ამატებს, რომელიც ძირითადად საექსპორტო მიმართულებისთვის იქნება განკუთვნილი.
“ქართული აგროპროდუქტის” მმართველი პარტნიორის ცნობით, ყურძნისა და ბროწეულის წვენის წარმოების დასაწყებად, კომპანიამ საწარმო გადაიარაღა, რაშიც 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ამასთან, მეწარმე ამბობს, რომ საექსპორტო ბაზრებისთვის მიმზიდველობის გაზრდისთვის და იმისათვის, რომ ახალი პროდუქტი ეწარმოებინათ, კომპანიამ კოშერის და BIR-ის სერტიფიკატი აიღო. ცნობისთვის, კოშერის სერტიფიკატი არის ებრაული რაბინული სააგენტოს მიერ კოშერის დამტკიცების ბეჭედი, რომელიც ადასტურებს, რომ მათ შეამოწმეს პროდუქტების ინგრედიენტები, წარმოების ობიექტი და ფაქტობრივი წარმოება, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველა ინგრედიენტს, წარმოებულს, ხელსაწყოსა და მანქანას არ აქვს არაკოშერული ნივთიერებების კვალი.
„წელს დაახლოებით 300 ტონა ყურძენი გადავამუშავეთ, რომლის ჩამოსხმასაც 9 იანვარს დავიწყებთ. საფერავის წვენი არის ებრაელების სპეციალური შეკვეთა. ამასთან, დავამატეთ ბროწეულის წვენი, რომელიც აქამდე არ გვქონდა. ვგეგმავთ -ში 1 კონტეინერის გაგზავნასაც. მათ საწარმოებლად კოშერის და BIR-ის სერტიფიკატი ავიღეთ. ყურძნისა და ბროწეულის წვენს ძირითადად საექსპორტო მიმართულება ექნება. კოშერის სერტიფიკატის აღებამ დიდი მოთხოვნა გააჩინა, რადგან ევროპაში ძალიან ბევრი კოშერული მაღაზიაა. შესაბამისად, ამ მიმართულებით გავიშლებით. ამასთან, აშშ-ში ს სათვისტომოა დაინტერესებული, რომ ამერიკულ მაღაზიაში ვიყოთ წარმოდგენილი. ისინი თავიდან ბოლომდე ჩართულები იყვნენ წარმოების, ჩამოსხმის პროცესში. გარდა ამისა, ჩინეთთან ვმუშაობთ აქტიურად და იანვარში ვიზიტს ვგეგმავ.
ამ ეტაპზე, ექსპორტზე გავდივართ საფრანგეთში, აშშ-ში, ისრაელი დაემატება ახლა. ასევე ინდოეთში გავგზავნეთ და ტრანსპორტირება იმდენად დიდ დროს იკავებს, რომ საბაჟოზე ახლა შევიდა. გარდა ამისა, ევროპის მიმართულებით აქტიურად მიდის მოლაპარაკებები“, – ამბობს “ქართული აგროპროდუქტის” მმართველი პარტნიორი.
სოსო მანჯავიძის თქმით, საექსპორტო ბაზრების დაინტერესების პარალელურად, წარმადობა დაახლოებით 20%-ით გაზარდეს. წელს კომპანია ჩამოსასხმელი ხაზის დამატებასაც აპირებს.