ქართველ საავტომობილო გადამზიდველზე გაცემული ნებართვის ე.წ. „დოზვოლის“ ღირებულება რეგიონში ყველაზე მაღალია. ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ წერს.
TCRC-ს ამის დასტურად რეგიონში არსებული ფასები მოჰყავს. კერძოდ, როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი წერს, საქართველოში გაცემული ნებართვის ე.წ. “დოზვოლის” ღირებულება, 13-ჯერ ძვირია თურქეთის მიერ საკუთარ გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 4-ჯერ ძვირია რუსეთის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 31-ჯერ ძვირია ბელარუს გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 6-ჯერ ძვირია ყაზახეთის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 10-ჯერ ძვირია უზბეკეთის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 2-ჯერ ძვირია თურქმენეთის და აზერბაიჯანის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე.
TCRC-ს შეფასებით, საქართველოში გაცემული ნებართვების საგრძნობი სიძვირე ქართულ გადამზიდავ კომპანიებს და მძღოლებს საერთაშორისო ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანად წარმოაჩენს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ასეთ პირობებში, სახელმწიფოს ამოცანას არა გადამზიდველიდან თანხის მაქსიმალური ამოღება, არამედ მათი საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მიმზიდველობა უნდა წარმოადგენდეს.
„მეზობელ ქვეყნებში ორ მხრივ ფორმატში ნებართვების გაუქმების ან ელექტრონულად გაცემის სისტემის დადებით მხარეებზე, ჩვენი ორგანიზაცია საკუთარ ანალიტიკაში მუდმივად ამახვილებს ყურადღებას და ხშირად მოჰყავს მაგალითები სხვა ქვეყნებში საავტომობილო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით.
გვინდა შევეხოთ ნებართვის ღირებულების ოდენობას საქართველოში და შევადაროთ რეგიონის ქვეყნებში ანალოგიური ნებართვების ღირებულებას.
პირველი – ორ მხრივ ფორმატში ნებართვის ერთ სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმების შემთხვევაში – 70 ლარი (25 დოლარი), ერთ დღეში გაფორმების პირობებში, ე.წ. დაჩქარებული – 100 ლარი (37 დოლარი).
მეორე – 2022 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა მესამე ქვეყანაში / ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მომსახურების განსხვავებული საფასური: ერთ სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმების პირობებში – 140 ლარი (52 დოლარი), ერთ დღეში გაფორმების პირობებში, ე.წ. დაჩქარებული – 200 ლარი (74 დოლარი).
წყარო: bpn.ge