ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ დასავლეთისგან იზოლაციის და საგარეო კურსის ცვლილების ფონზე, ევროპელ პარტნიორებში ქართული კომპანიების მიმართ ნდობა შემცირებულია.
როგორც ასოციაციის გამგეობის წევრმა, გვანცა მელაძემ BMG-ის განუცხადა, შედეგად, ექსპორტიორი კომპანიების ნაწილს ევროკავშირის ბაზარზე ახალი ხელშეკრულებების დადებაზე უარს ეუბნებიან ან ეს პროცესი ჭიანურდება. მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები შიშობენ, რომ შესაძლოა, სამომავლოდ, ქართული კომპანიები სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ.
„პრობლემა უფრო მეტად ისეთ დარგებს შეექმნა, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დალაგებული ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტი. ევროპელები კომპანიებს გარიგებებს უჭიანურებენ ან ხშირად უარს ეუბნებიან, როდესაც იგებენ, რომ საქართველოშია პროდუქცია ნაწარმოები. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სანქცირების შიში არსებობს, რომ ნებისმიერი ქართული კომპანია შეიძლება აღმოჩნდეს რისკის ქვეშ. მათ ახსოვთ „ბორჯომის“ შემთხვევა, რომელიც გასულ პერიოდში დასანქცირდა.
საქართველოში არასტაბილურობაა, ქვეყნის რეპუტაცია შელახულია. შესაბამისად, ბევრი ქართული კომპანია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბაზარზე უკვე გარიგების დადების პირას არიან მისულები, მათ ეს პროცესი უჭიანურდებათ ან უარს ეუბნებიან. ზოგი ამბობს, რომ არსებული გარიგებების განახლებაც კი უჭირს“, – განაცხადა გვანცა მელაძემ.