ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ ბევრი გააკეთეს კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო პირობების შესასრულებლად და მივესალმებით, რომ კომისიამ ეს რეკომენდაცია გასცა, – ამის შესახებ უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ ბრიუსელში მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა.
„ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია“, – განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა.
მისივე თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროპულ პერსპექტივას 20 წლის წინ მიეცათ.
„ვფიქრობთ, რომ გაფართოების პროცესი დასავლეთ ბალკანეთში უნდა დაჩქარდეს. რაც შეეხება აღმოსავლეთ ფრონტის გაფართოებას, ის ყურადღებით განხილვას საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა იანოშ ბოკამ.