ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისი ლეგიტიმაციით, ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს – მამუკა მდინარაძე
მიხეილ ყაველაშვილი უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.
ის ხაზს უსვამს, რომ დღეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისი ლეგიტიმაციით, ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომ კოლეგიის მიერ ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი არჩეული, ეს არის პირველი შემთხვევა და მათ შორის უფლებამოსილებას შეიძენს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც, კონსტიტუციის მიხედვით, არაპირდაპირი გზით იქნება არჩეული. როგორც ცნობილია, კოლეგიაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. თუ ჩვენ მეორე ტური დაგვჭირდა, მეორე ტურიც დღეს გაიმართება. სხვა შემთხვევაში, არჩეული იქნება პრეზიდენტი პირველივე ტურში. ხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები არ გამოცხადდნენ.
მიხეილ ყაველაშვილის დასახელებისას, მთავარი კრიტერიუმი რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის სამშობლოს უღალატობა და არა რომელიმე გუნდის და პატრიოტიზმი. მიხეილ ყაველაშვილს თუკი რაიმე თვისება გააჩნია, უწინარესად, ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, ის უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისი ლეგიტიმაციით, ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს“, – განაცხადა მდინარაძემ.
დღეს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს. კენჭისყრა 9 საათიდან დაიწყო და 14 საათამდე უნდა დასრულდეს.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი – მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: – პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი – სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო. გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები – „დიპლომი ყაველაშვილს“.