ქართველი ქალის სახე და სამი მშვენიერი მეგობარი: თაკო ჩხეიძის, ლიკა კვარაცხელიასა და თიკა ფაცაციას მეგობრობის ამბავი – Marao
“ყველა დროის ულამაზესი ქალები”, “სამი ვარსკვლავი”, “ეს არის ქართველი ქალი სახე” – ამ და კიდევ მრავალი კომპლიმენტის ნახვა თაკო ჩხეიძის, თიკა ფაცაციასა და ლიკა კვარაცხელიას ფოტოების ქვეშ შეგიძლიათ. “შესანიშნავი სამეულის” მეგობრობის ამბავი მართლაც სამაგალითოა – მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როცა სამივე კარიერის საწყის ეტაპზე იყვნენ და სამოდელო სფეროში გზას იკვლევდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ, მეგობრობის გარდა, უკვე ნათესაობაც აკავშირებთ – ლიკა კვარაცხელიას უფროსი ქალიშვილის, ანა შელიას ნათლია თაკო ჩხეიძის მეუღლე, რუსლან აბაშიძეა.
დღეს თიკა, თაკო და ლიკა ერთმანეთისთვის ერთგული და საიმედო მეგობრები არიან – ერთად ატარებენ უქმეებს, ერთად აღნიშნავენ მნიშვნელოვან დღეებს, ერთად მოგზაურობენ და ამ ყველაფერს მეუღლეებსა და შვილებთან ერთად აკეთებენ, როგორც ერთი დიდი ოჯახი.
თაკო ჩხეიძე 1981 წელს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით.
თაკო ჩხეიძემ სამოდელო კარიერა 1995 წელს, 14 წლის ასაკში, სამოდელო სააგენტო „ნატალიში“ დაიწყო. მისი ნიჭი და სილამაზე მალევე შეამჩნიეს საერთაშორისო სამოდელო ინდუსტრიაში, რამაც მას შესაძლებლობა მისცა ემუშავა ისეთ ცნობილ სააგენტოებთან, როგორიცაა ნიუ-იორკის „IMG Models“ და პარიზის „Viva Model Management“.
საერთაშორისო კარიერის განმავლობაში, თაკო ჩხეიძე მონაწილეობდა სხვადასხვა მაღალი დონის მოდის ჩვენებებსა და კამპანიებში, რაც მას საშუალებას აძლევდა წარმოეჩინა თავისი მრავალმხრივი ტალანტი და პროფესიონალიზმი. მისი გამოცდილება და მიღწევები მნიშვნელოვანი იყო ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვისაც.
2006 წელს თაკომ დააარსა საკუთარი სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსი“, რომლის ხელმძღვანელიც დღემდე თავად არის. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი თაობის ქართველი მოდელების აღმოჩენასა და განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებას.
თაკომ ოჯახი თინეიჯერობის დროს შექმნა და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე 1998 წელს დაქორწინდნენ, როდესაც თაკო 17 წლის იყო. მათ სამი ვაჟი ჰყავთ: სერგი, სანდრო და დათუნა.
თიკა ფაცაცია არის ქართველი მოდელი, მომღერალი, წამყვანი. „მის თბილისის“, „მის საქართველოსა“, „მის ოქროს გლობუსის“ კონკურსების მონაწილე.
1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკა პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი დიზაინერების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ-ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში 11 ახალი სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.
2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს ევროვიზია 2008-ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.
2009 წელს თიკამ კვლავ ევროვიზია 2009–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ ევროვიზიაზე წარსადგენად სტეფანე და სამი გოგო აირჩიეს.
2010 წლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და “ექიმების” წამყვანია. 2021 წლიდან არის “ნიჭიერის” ჟიურის წევრი.
თიკა ფაცაცია დაქორწინებულია ბიზნესმენ დავით ანთელიძეზე. მათ სამი შვილი, ანდრო, იოანე და ალექსანდრე ჰყავთ. დავით ანთელიძეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, იშვიათად იხილავთ თიკას ოჯახურ კადრებშიც.
ლიკა კვარაცხელიამ მოდელი კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, მაშინ, როცა ჯერ კიდევ 14 წლის იყო. თბილისში ცნობილი ამერიკული სააგენტოს წარმომადგენელი ჩამოვიდა და ლიკას მშობლებს სთხოვა, რომ მასთან ერთად გაეშვათ – ლიკას მოდელის ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდა, მიუხედავად ამისა, ეს ლიკასთვის ეს წინადადება მომხიბვლელი არ ყოფილა, რადგან ამ სფეროში თავის დამკვიდრება არ სურდა.
წლების შემდეგ ლიკა კვარაცხელია საზოგადოებამ მაინც გაიცნო, როგორც წარმატებული მოდელი, თუმცა უბედურმა შემთხვევამ, ავტოავარიამ, მისი ცხოვრება შეცვალა. სამოდელო კარიერას ნელ-ნელა ჩამოშორდა, შექმნა ოჯახი და მეუღლესთან ერთად ახალ საქმიანობაში, სარესტორნო ბიზნესში ჩაება. კულინარია და სამზარეულო ლიკასთვის ძალიან ახლობელი ცნებებია – დღეს ის ერთ-ერთ არხზე კულინარიულ რუბრიკასაც უძღვება და საკუთარი ბლოგიც აქვს.
ლიკა კვარაცხელიამ 1997 წელს იქორწინა სპორტსმენ მურთაზ შელიაზე. მათ ბედნიერი ოჯახი აქვს და სამი შვილი – ანა, ელენე და დათუნა ჰყავთ. 44 წლის ასაკში ლიკა უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა.




