ქართველი ფოტოგრაფები აპროტესტებენ რუსული TASS-ის წარმომადგენლის ჯილდოს საქართველოს პროტესტის თემაზე

ქართველი ფოტოჟურნალისტები და ფოტოდოკუმენტალისტები ერთობლივი განცხადებით აპროტესტებენ World Press Photo-ს გადაწყვეტილებას – ს სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის წარმომადგენლის დაჯილდოების შესახებ.
World Press Photo-ს 2025 წლის ჯილდო TASS-ის ფოტოგრაფს გადაეცა ფოტორეპორტაჟისთვის საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რაც “სწორედ რუსეთის გავლენებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული”.
“კრემლის ნარატივების მომხრე ფოტოგრაფის დაჯილდოება ანტირუსული აქციების გაშუქებისთვის არა მხოლოდ სადავო და წინააღმდეგობრივია, არამედ პირდაპირი შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვიან რუსეთის ჩარევას საქართველოს სუვერენიტეტსა და მის მომავალში”, – აღნიშნავენ ქართველი ფოტოჟურნალისტები და ფოტოდოკუმენტალისტები ერთობლივ განცხადებაში.
ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ TASS-ი რუსეთის ხელისუფლების დეზინფორმაციას უკვე მრავალი წელია ავრცელებს, “საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული დღემდე” და რომ ყალბი ნარატივებით ის საქართველოს აგრესორად წარმოაჩენდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და შემდგომი წლების განმავლობაში, როგორც დღეს “აგრძელებს მანიპულაციას და ამახინჯებს ფაქტებს ში რუსეთის ომის შესახებ”.
განცხადებაში, რომელსაც ქართველი ფოტოჟურნალისტები და ფოტოდოკუმენტალისტები სოციალურ ქსელებში თავიანთ გვერდებზე ავრცელებენ, მითითებულია, რომ “World Press Photo-ს მიერ შერჩეულმა ფოტოგრაფმა საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ეს აგრესია „განმათავისუფლებელ“ აქტად შეაფასა”.
“როგორც საქართველოს მოქალაქეებს, იმ ქვეყნის შვილებს, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, თავად გვაქვს განცდილი და ვიცით რას ნიშნავს ომი, იძულებით გადაადგილება და სუვერენიტეტის დარღვევა. ჯილდოს მფლობელ ფოტოებზე გამოსახული დემონსტრანტები არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან სწორედ იმ ძალებს, რომლებსაც TASS იცავს და ემსახურება. მათ ისტორიას რომ ამგვარი სააგენტო ჰყვება, აღარაა მხოლოდ წინააღმდეგობრივი რამ, ეს უკვე ჟურნალისტიკის ფუნდამენტური პრინციპების ღალატია”, – წერია ერთობლივ განცხადებაში. ავტორები აღნიშნავენ, რომ “ეს გადაწყვეტილება არყევს დამოუკიდებელი მედიის არსს, აძლიერებს პროპაგანდას და გზას უხსნის ყალბ ნარატივებს უფრო ფართო აუდიტორიამდე. მეტიც, საიმედოდ და სანდოდ აღიარებს რუსეთის სამთავრობო მედიას და, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ოკუპანტის ძალაუფლებას”.
წერილი მთავრდება სიტყვებით იმის შესახებ, რომ “საქართველოს წინააღმდეგობის, ტკივილისა და იმედის ისტორიას ვერასდროს დაინახავენ და გადმოსცემენ დამპყრობლების პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტოები”, რადგან “სწორედ ისინი, ვინც მჩაგვრელის სამსახურში დგანან და მის სასარგებლოდ, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ამბებს, მანიპულირებენ ფაქტებით და ახშობენ სიმართლეს”.
World press photo პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია. რადიო თავისუფლება მანამდე წერდა საქართველოში მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურების შესახებ TASS-ის თანამშრომლის, რუსი ფოტოგრაფის, მიხაილ ტერეშჩენკო დაჯილდოების გამო. ის გამარჯვებულად გამოცხადდა ფოტოისტორიების კატეგორიაში ევროპიდან. 2022 წელს, ტერეშჩენკოს ამავე კონკურსზე წარდგენილი ჰქონდა ნამუშევარი – რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქის – “მარიუპოლის გათავისუფლების” შესახებ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსი ფოტოგრაფის ნამუშევრები სუსტია და ჟიურისაც არ აღმოაჩნდა საკმარისი მგრძნობელობა კონტექსტის გასათვალისწინებლად.
29 მარტს, ქართველმა ფოტოჟურნალისტებმა და ფოტოდოკუმენტალისტებმა ერთობლივი საპროტესტო განცხადება ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოაქვეყნეს.
ფორუმი