,,ქართველი ტურისტის მხარჯველუნარიანობა გაზრდილია”,- ,,check in travel”

ტურისტულ კომპანია check in travel-ში აცხადებენ, რომ ქართველი ტურისტის მხარჯველუნარიანობა გაზრდილია. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა ქართველი ტურისტების გემოვნება და მოთხოვნები ბოლო წლების განმავლობაში. კითხვებით ჩვენ ტურისტულ კომპანიას მივმართეთ. check in travel-ში განმარტავენ, რომ მომხმარებლები ტურის არჩევის დროს მხოლოდ ფასს აღარ ითვალისწინებს.
,,თანამედროვე მომხმარებელი აღარ ეძებს მხოლოდ იაფ ტურს, არამედ აფასებს ხარისხიან მომსახურებას, ლოკაციას და დამატებით სერვისებს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები და ოჯახები უკვე ხშირად ირჩევენ 4–5 ვარსკვლავიან სერვისს, რაც სეგმენტის გაზრდილ მოლოდინებზე მიუთითებს.“- აცხადებენ ,,check in travel“-ში.
ქართველი ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ მიმართულებებს, სადაც შესაძლებელია კულტურული, სანაპირო და გასართობი აქტივობების კომბინაცია. მოთხოვნა გაზრდილია კრუიზზე.
,,ყველაზე მოთხოვნადია საზღვარგარეთ ჯგუფური ტურისტული პაკეტები, რომლებიც მოიცავს როგორც დასვენებას, ასევე აქტივობებს — ექსკურსიებს, სანაპირო დასვენებას და კულტურულ ღონისძიებებს. განსაკუთრებით პოპულარულია ევროპული ქვეყნები — იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და საფრანგეთი. (, ვენა, ბუდაპეშტი) ასევე თურქეთის მიმართულებით სტამბოლი და ანტალიის რეგიონები. ზაფხულის სეზონზე პოპულარულია კვიპროსი და საბერძნეთის კუნძულები. ზამთრის პერიოდში ყურადღება გადადის თბილ და ეგზოტიკურ მიმართულებებზე, როგორიცაა ტაილანდი, ინდონეზია (ბალი), ზანზიბარი, შრი-ლანკა და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. განსაკუთრებული მოთხოვნა იზრდება კრუიზებზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია გაზაფხულსა და შემოდგომაზე.“- აცხადებენ ტურისტულ კომპანიაში.
საზღვარგარეთ დასვენების მსურველთა რაოდენობა განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში იზრდება, თუმცა ბოლო პერიოდში იმატა სექტემბრის დასაწყისში მოგზაურთა რაოდენობამ. – ,,აგვისტო განსაკუთრებით აქტიურია ოჯახური ტურიზმის თვალსაზრისით. თუმცა, ბოლო წლებში მზარდია დაინტერესება ივნისის ბოლოს და სექტემბრის დასაწყისშიც, რადგან ტურისტები ცდილობენ აიცილონ გადატვირთული სეზონი და ისარგებლონ შედარებით დაბალი ფასებით.“- აცხადებენ ტურისტულ კომპანიაში.
რაც შეეხება ფასს, ევროპული მიმართულებებით ერთკვირიანი დასვენების ფასი ზაფხულის სეზონზე საშუალოდ 2000-4000ლ შორის მერყეობს. ღირებულება დამოკიდებულია მიმართულებაზე, სეზონსა და სერვისის კლასზე. აზიურ ქვეყნებში იგივე პერიოდის განმავლობაში დასვენება შედარებით ძვირია და ფასი 3000 ლარიდან 6000 ლარამდე მერყეობს. სერვისი მოიცავს ხანგრძლივ ფრენებს. ხშირად საჭირო ხდება ტრანსფერები. აზიის ტურები, ხშირ შემთხვევაში, უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსურია, ამიტომ ხარჯიც შედარებით მაღალია.