საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials) წარმატებით ასპარეზობენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართველ სამხედრო პარასპორტსმენებს სპორტის როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ სახეობებში უკვე აღებული აქვთ 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. მათ შორის, ველოსიპედით რბოლაში – ოქროსა და ბრინჯაოს მედლები, პისტოლეტიდან სროლაში ოქროს და ვერცხლის მედლები, ხოლო შაშხანიდან სროლაში – ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. თამაშების გუნდური სახეობებიდან კი, თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა და ვერცხლის მედალი აიღო. ქართველმა სამხედროებმა ვერცხლის მედალი აიღეს ასევე, 800მ დისტანციაზე გუნდურ მშვილდში.
„საჰაერო ძალების თამაშები“ აშშ-ში, ნევადას შტატში, ქალაქ ლას-ვეგასში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს. სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდს მომავალი დღეების განმავლობაში პარაკალათბურთში, მძლეოსნობასა და ნიჩბოსნობაში მოუწევთ ასპარეზობა.
„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედრო პარასპორტსმენების გუნდი მეორედ მონაწილეობს. სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პრობლემების დაძლევის გამოცდილების გაზიარება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.