“ქართველი ოლიგარქის მიერ აფხაზეთში ობიექტების ფლობის საფრთხეს ვიზიარებთ” – ადგურ არძინბა

აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა, თუ რატომ დაუპირისპირდა ოპოზიცია რუსეთთან “საინვესტიციო ხელშეკრულებას” და უპასუხა კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც რუსული პასპორტი აქვთ, ფლობდნენ ობიექტებს ს ტერიტორიაზე.
“აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვიაზრებთ ქართველი ოლიგარქიის აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოღწევის საფრთხის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ბატონმა ბჟანიამ ფარულად ჩამოიყვანა რამდენიმე ქართველი დეპუტატი აფხაზეთში და, ჩვენი ინფორმაციით, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. აქვე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბატონ ბჟანიას 1990-იან წლებში ჩვენი ხალხის შეიარაღებულ ბრძოლასთან საქართველოსთან ომის დროს არანაირი კავშირი არ ჰქონია. ის აფხაზეთის პოლიტიკაში მხოლოდ 2010 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა,” – აღნიშნა არძინბამ.
გარდა ამისა, არძინბამ ისაუბრა თბილისიდან მომავალ “შერიგების სიგნალებზე.”
“სიგნალები კარგია, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ მათ, მაგრამ აუცილებელია შევხედოთ ქმედებებს ამ კუთხით. გვახსოვს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობამდე რამდენიმე თვით ადრე ისაუბრა შერიგების შესაძლებლობაზე. ახლა პარტია “ქართული ოცნება” საკმაოდ დიდი ხანი, 2012 წლიდან ხელისუფლებაშია, მაგრამ რეალური ნაბიჯები ურთიერთობების ფუნდამენტურად დარეგულირებისკენ არ გადადგმულა. არსებობს ე.წ. კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომელიც სერიოზულ სირთულეებს უქმნის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციებს, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ბიზნესის ნორმალურ ფუნქციონირებას. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ, მაგალითად, ამ კანონის გაუქმებით,” – აღნიშნა აფხაზმა ოპოზიციონერმა.
ადგურ არძინბამ ისაუბრა საქართველოსა და ს “დაახლოების შესახებ”, სოხუმსა და თბილისს შორის ურთიერთობების რეგულირების ჭრილში.
“საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, ამ მხრივ ისინი ყოჩაღები არიან. მაგრამ უახლესი ისტორია გვასწავლის, რომ მის ხელმძღვანელობას შეუძლია საკმაოდ დრამატული პოლიტიკური მანევრების განხორციელება. შეგახსენებთ, რომ თბილისის ოფიციალური კურსი, თუნდაც მმართველი “ქართული ოცნების” პირობებში, რომელიც ასევე ჯერ კიდევ საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, არის კურსი ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ, ჩვენი ხალხები, საქართველო და აფხაზეთი ასობით წელია მეზობლები ვართ, და დამიჯერეთ, ვიცით რაზეც ვსაუბრობთ. ამასთან, ჩვენი პოზიცია ნათელია – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ნებისმიერი ნაბიჯი შერიგებისა და ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ უნდა დაიწყოს ამ მარტივი ნაბიჯით – ისტორიული და ფაქტობრივი რეალობის აღიარებით,” – ამბობს ადგურ არძინბა ინტერვიუში.
ადგურ არძინბამ ასევე ისაუბრა დე ფაქტო რესპუბლიკაში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არ არის მიღებული ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ “არ არსებობს დამაჯერებელი მიზეზები უმაღლეს სამთავრობო პოსტისთვის ბრძოლაზე უარის თქმისთვის.”
19 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადება დაამტკიცა.
“ნუჟნაია გაზეტას” ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 31 დეპუტატმა მიიღო, 2 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.
“ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ერთმა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგი მისცა. პარლამენტმა კენჭისყრის შედეგები დაამტკიცა”, – წერს ტელეგრამ არხი.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო ვიცე პრეზიდენტი, ბადრა გუნბა შეასრულებს.
იქამდე, 15 ნოემბერს დაწყებული პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს მას შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.
პროცესებს წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს. პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.დოკუმენტს ხელი მოაწერეს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.