„ქართველი დამსვენებლების რაოდენობა საგრძნობლად მოკლებულია, როგორც ამ ზაფხულში, ასევე გასული 2 წლის განმავლობაში“ – ბაკურიანის ვიზიტორთა 80% უცხოელ ტურისტებზე მოდის
ბაკურიანში ტურისტული სეზონი პიკშია. ზამთრის კურორტის მიმართ დამსვენებლების ინტერესი ივნისსა და აგვისტოში იზრდება. თუმცა, სტუმრებს შორის ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებია. სასტუმრო ,,მგზავრების“ რეზერვაციის მენეჯერი გიორგი მაისურაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სასტუმროებში ქართველი ტურისტების ნაკლებობა იმით აიხსნება, რომ ბევრმა დაბაში საკუთარი ბინა შეიძინა.
,,ბაკურიანი ზაფხული პერიოდში არანაკლებ დატვირთული იყო ათეული წლების წინაც. ყოველთვის ივლის-აგვისტოს პერიოდში ბაკურიანი დატვირთულია. მაღალი სეზონია. ივლის-აგვისტოს საშუალოდ არის 80%-იანი დატვირთვა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია დიდი სასტუმროებისთვის. რაც შეეხება ქართველ დამსვენებლებს, მათი რაოდენობა საგრძნობლად მოკლებულია. როგორც ამ ზაფხულში, ასევე გასული 2 წლის ზაფხულშიც. ამისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრი აპარტ ოტელი აშენდა. ძალიან ბევრი ბინა იყიდებოდა ბოლო წლებში. ბაკურიანის სეგმენტს, ვინც ხშირად ისვენებდა აქ მეტწილად, უმეტესობას აქვს საკუთარი ბინა“, – აცხადებს გიორგი მაისურაძე.
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უცხოელი დამსვენებლების უდიდესი ნაწილი არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებზე მოდის. ბაკურიანს ასევე სტუმრობენ ისრაელიდანაც, თუმცა ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ჯავშნებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. სასტუმრო ,,მგზავრების“ რეზერვაციის მენეჯერი აცხადებს, რომ 2 კვირის წინ ისრაელიდან ყველა ჯავშანი გააუქმეს. ფრენების აკრძალვამ ასევე უარყოფითად იმოქმედა არაბული ქვეყნებიდან წამოსულ ტურისტულ ნაკადებზე. შედეგად სასტუმროებმა მნიშვნელოვანი ზარალი ნახეს.
,,ბოლო 2-3 წელია 80% თითქმის არის არაბული სეგმენტი. ნაწილი არის ისრაელის მოგზაურთა ჯგუფები. უცხოელი ტურისტებიდან ყველაზე მეტად აქტიურობენ გალფის ქვეყნები და ისრაელის მოქალაქეები. ისრაელში განვითარებულმა მოვლენებმა გავლენა მოახდინა. 2 კვირის წინ ყველა ჯგუფი გაგვიუქმეს, თუმცა როგორც კი დასრულდა ომი ავტომატურად აღდგა მათი ჯავშნები. ეს 2 კვირა საკმაოდ ვიზარალეთ. დაგვაკლდა არა მხოლოდ ჯგუფები ისრაელიდან, არამედ არაბული ქვეყნებიდან. ამ პერიოდში ფრენები შეწყდა თითქმის ყველა მიმართულებით და რა თქმა უნდა გაგვიუქმდა თითქმის ყველა ჯავშანი.”- აცხადებს გიორგი მაისურაძე.
არაბული ქვეყნებიდან ბაკურიანის მიმართ ინტერესს გიორგი მაისურაძე განსხვავებული ბუნებით ხსნის. მისი განმარტებით, ტურისტებს მთა და ტყე აინტერესებთ, რაც საქართველოში მათი ქვეყნებისგან განსხვავებულია. ბაკურიანს ძირითადად ის უცხოელი ტურისტები სტუმრობენ, რომლებიც ქვეყანაში ტურის ფარგლებში ჩამოდიან და ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე რეგიონს მოივლიან.
,,არაბულ ქვეყნებს თუ ავიღებთ მათ უმეტესობას აინტერესებთ მთა, ტყე. ბუნება რადიკალურად განსხვავდება. ეს არ არის ხანგრძლივი ჯავშნები. ესენი არიან არა მხოლოდ ბაკურიანისთვის ჩამოსულები საქართველოში. 2-3 დღეს ატარებენ ყველა რეგიონში. ეს სტუმარი 2-3 დღე ბათუმშიც მიდის. 2-3 დღე რჩება მაღალმთიან რეგიონში. შეიძლება ეს იყოს ბაკურიანი, ან გუდაური. 2-3 დღეს ატარებს დედაქალაქში. ეს არის ტური, ასე ვთქვათ.”- აცხადებს გიორგი მაისურაძე.
სასტუმრო მგზავრების რეზერვაციის მენეჯერი ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ბოლო 5-6 წელია ბაკურიანს ევროპელი ტურისტები ნაკლებად სტუმრობენ.
,,ის დატვირთვა რაც გვქონდა წინა წლებში, ვგულისხმობ 5-6 წლის წინა პერიოდს, მოიკლო. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში უფრო მეტად იყვნენ ევროპელი სტუმრებიც. კლების ტენდენციაა ევროპელი ტურისტების მხრიდან.”- აცხადებს გიორგი მაისურაძე.
