14 ნოემბერს, მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა კატალონიაში, რომლის დროსაც “ქართული დანაშაულებრივი ორგანიზაციის” 30 – ზე მეტი წევრი დააკავეს. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
მათი ინფორმაციით, ესპანეთის პოლიცია, ინტერპოლსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში მოქმედებდა.
ორგანიზაცია, რომლის წარმომადგენლებიც დააკავეს, “სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებაში იყო სპეციალიზებული”. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამშაბათს დაკავებული ჯგუფის წევრები ძირითადად ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოქმედებდნენ. შესაბამისად, საპოლიციო მოქმედებების დიდი ნაწილი სწორედ ბარსელონაში, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა. თუმცა თუმცა საგამოძიებო მოქმედებები, ბარსელონის გარდა, კიდევ სამ ქალაქში: ესტეპონაში, მარბელასა და ალიკანტეში მიმდინარეობდა.
გაჩხრიკეს ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის ოფისიც. ესპანეთის პოლიციის ვერსიით, ბრალდებულები, სავარაუდოდ, იქიდან გზავნიდნენ მოპარულ ნივთებს.
როგორც ესპანური მედია წერს, ოპერაციაში 350 კატალონიელი პოლიციელი მონაწილეობდა.