„ქართველი გიდები, პრაქტიკულად, უმუშევრები რჩებიან“
„ქართველი გიდები, პრაქტიკულად, უმუშევრები რჩებიან“, – ასე აფასებს „საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი თეთრაძე დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, უცხოელ გიდებს რეგისტრაციის ვალდებულება შესაძლოა, ერთი წლით, 2026 წლის ივნისამდე გაუხანგრძლივდეთ.
„ბიზნესპრესნიუსთან“ თეთრაძე საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ადგილობრივ გიდებს შეექმნებათ.
მისი თქმით, უცხოელი გიდები დემპინგური ფასებით მუშაობენ, რაც ქართველი გიდებისთვის გამოწვევაა.
„კატეგორიულად უარყოფითად ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას. უამრავი უცხოელი გიდი კვლავაც ყოველგვარი შეფერხების გარეშე იმუშავებს ისე, რომ არსად არ იქნება დარეგისტრირებული და არ გადაიხდის გადასახადს, რაც უამრავ პრობლემას უქმნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გიდებს, რომლებიც, პრაქტიკულად, რჩებიან უმუშევრები.
კვალიფიკაციის თვალსაზრისით არანაირი კონკურენცია არ არსებობს იმიტომ, რომ ჩვენი გიდები გაცილებით მაღალი დონის ცოდნის მატარებლები არიან. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უცხოელი გიდები დემპინგურად და თავისივე უცხოელი კომპანიებისთვის მუშაობენ, იმ ტურისტს, რომელსაც ქართველი გიდის მომსახურებით უნდა ესარგებლა, ემსახურება უცხოელი გიდი.
შედეგად მთელი სახსრები გაედინება ქვეყნიდან, საქართველოში კი რჩება ნამცეცები იმ მთლიანი თანხიდან, რაც სხვა სიტუაციაში უნდა დარჩენილიყო“, – განაცხადა გიორგი თეთრაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი განიხილავს კანონის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი გიდებისთვის რეგისტრაციის ვალდებულების 1 წლით, 2026 წლის 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივებას. ამავე დროს, პროექტი გულისხმობს, ტურისტული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელებაზე ჯარიმების გადავადებას 1 წლის ვადით, 2026 წლის 1-ელ ივნისამდე.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
