“ქართველი ბიზნესმენი ყველაზე გამოწრთობილია, ისეთ კრიზისმენეჯმენტში ვართ ყოველწლიურად” – “იბერკომპანი ჰოლდინგის” CEO

“იბერკომპანი ჰოლდინგის” CEO, ლევან დიასამიძე BMGtv-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” ამბობს, რომ ჰოლდინგი შიდა და გლობალური [პანდემია, ომი] კრიზისების ფონზე ჩამოყალიბდა, რომლის დაძლევაც მკვეთრად დივერსიფიცირებული პორტფელით შეძლეს.
დიასამიძე ასევე ამბობს, რომ ქართველი ბიზნესმენის იმუნიტეტი განსაკუთრებით მაღალია, ვინაიდან დიდი რყევების დაძლევა უწევთ ყოველწლიურად.
“რამდენიმე წელია, ორგანიზაციამ ჰოლდინგის ფორმა მიიღო, საკმაოდ დივერსიფიცირებული პორტფელით.
სანამ ჰოლდინგი გავხდებოდით, გვქონდა ბენზინგასამართი სადგურების მცირე ქსელი “ოპტიმა”, საიდანაც გამოვედით, რადგან ჩავთვალეთ, რომ არ იყო სტრატეგიული და გავუშვით საიჯარო მიმართულებაზე.
დღეის მდგომარეობით, სამი ძირითადი მიმართულება გვაქვს: დეველოპმენტი, ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა.
ჩვენი ჰოლდინგი განსაკუთრებული შიდა და გარე კრიზისების ფონზე ყალიბდებოდა, ძალიან რთული პერიოდი გვედგა, არა მხოლოდ ქართულ ბიზნესს, ზოგადად მსოფლიოს. ამ შემთხვევაში ძალიან პოზიტიური იყო დივერსიფიცირებული პორტფელი და შემოსავლები. ეს დივერსიფიკაცია იყო ძალიან ჰორიზონტალური და ნაკლებად დაკავშირებული ერთმანეთთან. როდესაც კომერციული უძრავი ქონების ნაწილი დაბლა მოდიოდა, საწვავი აბალანსებდა და ასე, შევინარჩუნეთ რისკების დაძლევა, სხვა ბევრ ნაბიჯთან ერთად. თუმცა, ყოველთვის ვამბობ, ქართველი ბიზნესმენი ყველაზე გამოწრთობილია, ისეთ კრიზისმენეჯმენტში ვართ ყოველწლიურად”, – განაცხადა დიასამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ