წარსულს ჩაბარდა ის, როცა იშვიათად ცხოვრობდა ქართველი საქართველოს საზღვრებს გარეთ. ახლა უხვად ვართ მიმოფანტული და მთელს მსოფლიოში დაქსაქსულნი. უამრავი ბავშვი იბადება „უცხო მხარეში,“ იდენტობას და ქართველობას კარგავს ქართველი. არადა სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში მცირე დროით შესვლა საკმარისია იმის გასაცნობიერებლად რომ გავარკვიოთ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ… აი, საით მივდივართ კი გაურკვეველია! სამშობლოდაკარგული ბავშვები იბადებიან, სამშობლოს ვინ ჩივის, ხშირად ქართული ენაც უცხოა მათთვის. ენას, რომლის დამწერლობაც 14 ანბანს შორისაა. თუმცა, კი არის მაინც გამონათებები, რომელიც იმედის ნაპერწკალს უფრო აღვივებს და გვჯერა, რომ ქართველ კაცს გადაშენება არ უწერია.
დღეს, მე გაგაცნობთ ამერიკაში დაბადებულ 7 წლის თომა აბაშიძე-ვაშაკიძეს, რომელიც წელს ზაფხულის არდადეგებზე პირველად ეწვია მშობლების სამშობლოს და შთაბეჭდილებებით დახუნძლული დაუბრუნდა ამერიკას.
– თომა, იცი რა არის შენ სამშობლო?
თომა: სიტყვებით ვიცი, მაგრამ ჯერ არ მიგრძვნია. თბილისის თავზე დედამ ილუმინატორიდან გადმომახედა, უნდა მეთქვა – რა ლამაზია – დედას თვალზე ცრემლი შევნიშნე, ძალიან დასევდიანდა და მოვეფერე, ვერ მივხვდი რა ატირებდა, მერე მითხრა რომელიღაცა მწერლის სიტყვები. ირმა, აბა რა თქვი მაშინ…
ირმა: ნოდარ დუმბაძის სამშობლო გამახსენდა: ”თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება – ეს არის სამშობლო”
თომა: კი, კი, ნამდვილად ასე მითხრა, თან ყველაფერზე მეუბნებოდა: მსგვსი სხვაგან არსად არ არის. ვაშლზე მითხრა ასეთი ვაშლი მხოლოდ ადამსა და ევას ჰქონდა სამოთხეში და მეორე საქართველოშიაო. კი მაგრამ – ვკითხე დედას – შენ ყველა ქვეყნისა გასინჯული არ გაქვს და საიდან იცი მეთქი?! ბოლოს ხელი ჩაიქნია და ასე მითხრა, შენ ამას რომ მიხვდე საქართველოში უნდა დაბადებულიყავიო. ვაშლი მართლა მომეწონა, გემრიელი იყო, არ ვიცი სახელი? სამოთხის ქვია თუ არა? (საზაფხულო ვაშლს გულისხმობდა).
– თომა, შენ აქცენტი კი გაქვს, მაგრამ ყველაფერი გესმის და ცუდადაც არ საუბრობ. ამერიკაშიც ერთმანეთს ქართულად ელაპარაკებით?
თომა: ჩვენი სახლი ამერიკაში პატარა საქართველოაო, ასე ამბობენ ჩვენები. კარს როგორც კი შიგნიდან დავკეტავ, იქ მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობ, მეკრძალება სხვა ენაზე საუბარი. მიყვარს ქართული წიგნები ძალიან. დედა ბევრ წიგნს მიკითხავს, მხოლოდ ქართულად. ქართულს დედა “ხმათა ხავერდების და ღმერთების ენას” ეძახის და უნდა გავუფრხილდეთო.
როცა გადაწყდა არდადეგებს საქართველოში გავატარებდი, სასწრაფოდ შევისწავლე წერა-კითხვაც. მარტის ბოლოს დავიწყე ონლაინ გაკვეთილები ხათუნა ყოჩაშვილთან და ისე დავმეგობრდით რომ საქართველოს დატოვება ხათუნა მასწავლებლის ახლოს გაცნობის გარეშე არ მინდოდა, ეროვნულ მუზეუმში ერთად ვიყავით. იცით, ძალიან ბედნიერი ვიყავი არა მხოლოდ ხათუნა მასწავლებლის გაცნობით, მართლა საამაყო ისტორია ჰქონია საქართველოს. ბევრი რამ ვერ გავიგე, ცოტა დავიღალე კიდეც, მაგრამ ყოველ წელს აუცილებლად ვესტუმრები.
– მე ვიცი რომ სხვა მუზეუმებშიც იყავი…
თომა: კი, მირზაანში ვიყავით ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში, თუმცა დაკეტილი დაგვიხვდა და მერე სიღნაღის მუზეუმში წაგვიყვანა დედას და დეიდას მეგობარმა, თეა დეიდამ (თეა გიგოლაშვილი), ძალიან მომეწონა. მარიამს (სამუკაშვილი – თეას შვილს) მანამდეც ვიცნობდი, ამერიკაში იყო ჩვენთან სტუმრად. მუზეუმში ძალიან ბევრი ნახატი ვნახე, საოცარი მხატვარია ფიროსმანაშვილი, წარმოიდგინეთ შავი ფონზე ხატავდა, მე მეგონა ეს სიშავე საღებავითაა დაფერილი. ვიდრე არ ამიხსნეს, მე ასე მეგონა. ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის იყო პიკასოს მიერ შესრულებული ფიროსმანის პორტრეტი.
– პიკასოც იცი?
– კი, მე ძალიან მიყვარს მხატვრობა. ამერიკის ბევრი ქალაქის მუზეუმში ვარ ნამყოფი: ნუიორკში, ბოსტონში, ვაშინგტონსა და ფილადელფიაში. ნახატის ორიგინალში ნახვა შეუდარებელია. განსაკუთრებით იმპრესიონისტები მომწონს. ჩემი მამიკოც მაგ სტილში ხატავს, ჩვენ სახლში ბევრი ნახატი გვაქვს. ბათუმშიც წამიყვანა დედამ აჭარის მუზეუმში. როცა ბილეთებს ვყიდულობით, ერთი ქალი მოვიდა და დედას უთხრა – ბავშვმა ხელი არ უნდა დაადოს ნახატებს, და არ უნდა იხმაუროსო. მე ცოტა მეწყინა, ეტყობა ეგონა რომ პირველად ვიყავი მუზეუმში და არ ვიცოდი ქცევის წესები. მანამდე არ მქონდა ნანახი ქართველი მხატვრების ნახატები, ძალიან მომეწონა ახვლედიანის თოვლში გახვეული საქართველოს ქალაქები. ისეთი რეალურია თითქოს საგუნდაოდ გეძახიან ნახატები. ერთადერთი გული დამწყდა რომ კედელზე სურათზე მითითებულ შტრიხ კოდზე ინფორმაციას ტელეფონში ქართულად სწრაფად ვერ ვკითხულობდი, ამიტომ ინგლისური ავირჩიე. მომავალ წელს აუცილებლად ქართულად წავიკითხავ.
– აჭარაში თუ იყავი არ ვიცოდი, მოგეწონა მზიანი ბათუმი?
– მზიანი თუ წვიმიანი? (იღმის) კი ძალიან მომეწონა, თან მე ხომ დასასვენებლად არ ვიყავი. ლალი ანთაძის სკოლაში დავდიოდი და ბევრი ბათუმელი ბავშვი გავიცანი. ძალიან საინტერესოდ ვატარებდი დროს. მეგობრული გარემო იყო, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ლალი მასწმა (ასე ეძახდნენ ქართველი ბავშვები) ბევრი საინტერესო და სახალისო სამაგიდო თამაში გვასწავლა, გვქონდა კულინარიის საათიც კოქტეილებს ვაკეთებდით, ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, კარგად გავერთე და დავისვენე ამავდროულად. მომავალ წელს აუციელბლად დავუბრუნდები ლალი მასწავლებელს.
– ბათუმში შავი ზღვა მოგეწონა?
– კი, ოკეანესგან გასსხვავებით ძალიან თბილი იყო, თუმცა ბრაზიანი, ხშირად ღელავდა და დიდი ტალღები იყო, მაგრამ როცა წყნარი იყო, უამრავი პატარა ლიფსიტა დაცურავდა და მე ვეთამაშებოდი ხოლმე. სიტყვა ლიფსიტა არ ვიცოდი და დედამ მასწავლა. ისე ადვილია ენის სწავლა როცა ირგვლივ ყველა ქართულად ლაპარაკობს. ინგლისური სულ არ მახსენდებოდა. კიდე ერთ რაღაც გამახსენდა სანაპიროზე ჩვენს გვერდზე მჯდომმა ქალმა დედას შეეკითხა, ეს ბავშვი საქართველოში არ იზრდებაო? ვიფიქრე საუბარზე შემატყო, შინ დაბრუნებულმა დედას ვკითხე, მან მიპასუხა რომ საქციელით განსაჯაო. ირგვლივ, სადაც ვიჯექით სანაპიროზე პლასმასის ბოთლები და ქაღალდები ეყარა, მე დედას პარკი გამოვართვი და მოვაგროვე და ნაგვის ურნაში ჩავაგდე. იცი, ჩვენ რომელ ქალაქშიც ვცხოვრობთ, პელამში, ისეთი სისუფთავეა, არსად არაფერი არ ყრია, ვინმეს შემთხევით რომ დაუვარდეს რამე, სხვა აიღებს და ჩააგდებს ურნაში.
– კიდევ რა მოგხვდა თვალში?
– ხმაური, ძალიან ხმაურიანი მანქანები დადიან, სულ აპიპინებენ, სულ ჩქარობენ, და ყურები დამეღალა. თავიდან ხელებს ვიდებდი ყურებზე. ხალხიც სულ ხმამაღლა ლაპარაკოს, შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ ერთმანეთის არ ესმით და იმიტომ ყვირიან რომ გააგებინონ. პირველი ერთი კვირა ყოველ ღამე ძილის წინ ვტიროდი, სახლში მინდოდა ამერიკაში, დედას ვეწუწუნებოდი და ვსაყვედურობდი ამ ქაოსში რომ ჩამომიყვანა. ძალიან მინდოდა ამერიკაში მალე დავბრუნებულიყავი. თუმცა ახლა, მენატრება უკვე საქართველო. ერთი სული მაქვს ზაფხული როდის მოვა.
– დავუბრუნდეთ ბათუმს…
– უი, დამავიწყდა, ბათუმში ყოველ შაბათ-კვირას თოჯინების თეატრში დავდიოდით. ძალიან მომეწონა. საერთოდ სპექტაკლები ძალიან მიყვარს. თვეში ერთხელ და ხანაც მეტჯერ დავდივართ საბავშვო თეატრებსა და მუზიკლებზე. ბათუმის თოჯინების თეატრიც ძალიან საინტერესო იყო. დედა იძახდა საქართველოში ყველზე იაფი რაც შემხვდა ეს ამ თეატრის ბილეთიაო. 7 ლარი ღირდა, არადა ისე კარგად თამაშობდნენ მსახიობები და დეკორაციებიც კარგი ჰქონდათ. შეუსაბამო ფასი იყო, ისევე როგორც ბულვარის შესასვლელთან ჭიქის ნაყინში 10 ლარი გადავიხადეთ, ესეც შეუსაბამო იყო.
– ყველაზე უფრო რამ გაგაკვირვა და რა შეგიყვარდა საქართველოში?
– კახეთი, ქიზიყი, სადაც ჩემი ბაბუ ცხოვრობს. ისეთი მაგარი იყო. ფერმაში ვიყავი, ცხენზე ვიკატავე, ხბოებს საწოვარათი ვაჭამე და მიკის (ძაღლი) ვეთამაშე ბევრი.
ვგრძნობდი, რომ იქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვიყავი. დედა მეუბნებოდა რომ ქიზიყი იმიტომ მოგეწონა რომ ეს ადგილის დედის ყივილიაო, მე კი ვერ მივხვდი მაგრამ, ალბათ, ასეა. ხო, კიდევ, ბაბულიას მეგობრები მოვინახულე – მზია (ხატიაშვილი) ბებიამ ხინკლის გაკეთება მასწავლა, ხორციანის გარდა კარტოფილის ხინკალი, გაგისინჯავთ? არც მე, ჩემს ბაჯის (ხათუნა დეიდას ეძახის ასე) უყვარს და ვისწავლე რომ გავუკეთო. ოლიკო (კიკილაშვილი) ბებიამ თათარა დამახვედრა და ოცი ჩურჩხელა ამოვავლე და ამერიკაში წამოვიღე, მერე ჩემს მეგობრებს დავურიგე, ჯერ ვერ გაიგეს რა იყო, შუაში ძაფი რომ ქონდა სანთელი ეგონათ (იცინის), მერე აუხსენი და ძალიან მოეწონათ. სკოლაში რომ გვექნება “ეროვნული დღეები” – იქ გამოვფენ და ყველას ვასწავლი და ავუხსნი თუ რა არის ჩურჩხელა. ჯულიეტა (წივილაშვილი) ბებიამ, ბაღჩაში წამიყვანა და სიმინდი, პომიდორი, კიტრი მოვკრიფე, უგემრიელესი იყო. ლია ბებიამ (ქადაგიძე) ჟოლოს ბაღის მოსაკრეფად დაგვპატიჟა. კიდე გავიცანი ნელი (შოშიაშვილოი) ბებია და ანა (ჰუსაინოვა) ბებია, ისინი დედას ნათლიები არიან. დედას ასწავლიდნენ სკოლაში. დედა ყველას მასწავლებელს ეძახის, მე კი ბებიებს ვეძახი, ბაბულიას მეგობრები არიან. მათი შვილიშვილებიც გავიცანი, ვითამაშეთ კიდეც. ზოგი ჩემზე პატარაა, ზოგი დიდია. მზია ბებოს პატარა სანდრა შემიყვარდა ძალიან.
– ყველა ბებიაა, და შენი საკუთარი ბებია ბაბულია რატომაა?
– ჩემი ბაბულია 45 წელი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო სკოლაში, ახლა ჩემი რუსულის მასწავლებელია და ბაბულია რუსულადაა და ასე იმიტომ ვეძახი.
– რუსულიც იცი?
– არა, ჯერ ვსწავლობ, ანბანს ვცნობ მაგრამ წერა-კითხვა არ ვიცი. მაგრამ უნდა ვისწავლო, დედა მეუბნება რომ ბევრი ენა უნდა იცოდეო. წელს სკოლაში ესპანური დავიწყეთ და ძალიან მომწონს, ესპანური მეორე ენაა ამერიკაში, ბევრი ადამიანი საუბრობს და აუცილებელია ამ ენის ცოდნა, ცოტა რომ გავიზრდები დედა ებრაულსაც მასწავლის და ბიბლიას ორიგინალში წავიკითხავ. დედა ხშირად ამბობს რომ რამდენი ენაც იცი იმდენი ადამიანი ხარო, მე კი მინდა ერთი ადამიანი ვიყო ბევრ ენაზე მოსაუბრე.
– ბიბლია?!
– კი, ბიბლიის კითხვა ძალიან მიყვარს, ძილის წინ ვკითხულობ ხოლმე. დეიდამ რამდენიმე დასურათებული ბიბლია მიყიდა და უკვე რამდენჯერმე მაქვს გადაკითხული, ორი წელია რაც დავიწყე კითხვა და ხშირად ვუბრუნდები საყვარელ ადგილებს.
– რომელი ამბავი გიყვარს?
– “იოსებ პირმშვენიერისა და ძმების ამბავი” – შურიანმა ძმებმა რომ გაყიდეს. იგივე კითხვა დამისვა დეიდა ნინომ (სადღობელაშვილი), მცხეთაში ამერიკელი ქართველების ქორწილში გავიცანი, ნინო მწერალი ყოფილა. მამას წიგნზე წინასიტყვაობა მას ეკუთვნის. თავის ძალიან საინტერესო წიგნიც მაჩუქა ბუებზე ინგლისურ ენაზე.
– პირმშვენიერი?
– კი, ასეა, მე რომ თავიდან დავიწყე ბიბლიის კითხვა ხუთი წლის ვიყავი, კითხვაში რომ გავწაფულიყავი დედამ მირჩია ხმამაღლა მეკითხა, მერე ქართულად მიხსნიდა შინაარსს და მაშინ პირველად გავიგე ეს სიტყვა და ძალიან მომეწონა. ალბათ, იოსები ძალიან ლამაზი იყო.
– დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს…
– გია ძიამ (აგირბა) აჭარული ხაჭაპურის გაკეთება მასწავლა და იცით რა მითხრა? – მეც შვიდი წლის ვიყავი პირველად რომ გამოვაცხვე აჭარული ხაჭაპურიო და ძალიან გამეხარდა. კიდევ, თბილისში თიხა ვძერწე საამქროში, მარინამ და ნუკრიმ წამიყვანეს, მარინა და ნუკრი დედიკოს ბიცოლა და ბიძაა. რუსო ჰყავთ კიდევ შვილი, რომელიც ამერიკაშია ექიმი და მეც ექიმი უნდა გამოვიდე, ალბათ. ჯერ ვნახოთ როგორ ვისწავლი. თიხაზე გამახსენდა, მარინას ძმის საამქროში ვიყავით, ისეთი საინტერესო იყო. მამუკა და თინიკომ მასწავლეს რაღაცეები, თიხის გამოწვაც მანახეს, თუმცა მე მანამდეც მქონდა ნანახი ბათუმში, ამას მერე მოგიყვებით. მამუკამ ბევრი ნაკეთობა მაჩუქა, მითხრა რაც გინდა აიღეო, მე საინტერესო ფიგურად მივიჩნიე და ერთი კაცის გამოსახულება და ავიღე, სტალინი აღმოჩნდა. არ ვიცი ვინ არის სტალინი და აუცილებლად უნდა წავიკითხო, რადგან ადრეც გამიგია ეს სახელი. დედას ჰკითხა ჩვენს ქალაქში ერთმა, სტალინიც ხომ ქართველი იყოო, მე ისე გამიკვირდა, აქ არავინ იცნობს არავის ქართველს და რაღა ის იცოდნენ.
– თომა, ძალიან საინტერესოდ გვიყვები ამბებს. მგონი აღფრთოვანებული ხარ საქართველოს მონახულებით …
თომა: იცით, ძალიან თბილი ურთიერთობებია საქართველოში, თითქმის ყველა შენი მეგობარია. ამერიკაშიც გიცინიან ქუჩაში უცნობები, თბილად გექცევიან, მაგრამ აქ ძალიან მზრუნველები არიან. ბაჯის მეგობრებმა და მათმა შვილებმა დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩვენს მიმართ. ორი თვის მანძილზე ერთი დღე არ ვყოფილვართ შინ. პრეზიდენტივით დატვირთული გრაფიკი გვქონდა. დილით რომ გავდიოდით სახლიდან საღამოთი დასაძინებლად თუ შემოვდიოდით. სად აღარ ვიყავით, უამრავ დაბადების დღეზე, გასართობ ღინისძიებებზე, ატრაქციონებზე, ზოოპარკსა თუ სხვა პარკებში. ნათესავები ხომ სულ გარს მეხვეოდნენ, იმდენი ვინმე გავიცანი ახლა თავში სულ არეული მაქვს მათი სახელები. ასაკოვან ნათესავებთან სახლში მიმიყვანა დედამ და ასე მითხრა მათი მონახულება ჩვენი ვალდებულებაა. ბიბლია მარტო საკითხავი კი არის, არამედ უნდა ვისწავლოთ იქიდან ბევრი რამო: “ჭაღარას წამოუდექი და პატივი მიაგე მოხუცსო”. ძალიან გაეხარდათ მათ ჩემი გაცნობა. დიდი ბებია-ბაბუის საფლავებზეც ვიყავით. სანთელი დავანთე და ასე გავიცანი ჩემი წინაპრები. დედამ მანახა ფილმი “ფესვები” (ვერ ვუყურე ბოლომდე, ჩემთვის რთული იყო), დედამ მითხრა: ”გახსოვდეს, ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან იწყება, ჩვენი ფესვები კი იქ, საქართველოშია და როცა მივედით საფლავზე გამახსენა რომ აქ არის ჩვენი ფესვებიო. საფლავის ქვებზე აწერია ყველას დაბადების და გარდაცვალების თარიღი და კალკულატორით დავიანგარიშე მათი ასაკი და დამენანა, ზოგი 60, 70 და 80 წლამდე გარდაცვლილან, ამერიკაში 95 და 100 წლამდე ცხოვრობენ. ჩვენი მეზობელი 107 წლის გარდაიცვალა, ჩემი კლასელის დიდი ბებია 104 წლის. საქართველოში კიდევ ერთი რამ გამიკვირდა, ტაქსიში რომ ვჯდები ღვედს ვიმაგრებ, რამდენიმე მძღოლმა მითხრა არ არის საჭიროო, მე ვუპასუხე რომ ჩემი უსაფრთხოებისთვისაა საჭირო და ერთმა მძღოლმა უხეშად მითხრა, მოძრაობის წესებში არ წერიაო. მე მეწყინდა ეს ძალიან, მაგრამ ღვედს მაინც ვიკეთებ ყოველთვის. აბა ისაა კარგი, როცა საფეხმავლო გზაზე გადავდიოდით ბათუმში, ჩვენი გზა იყო და მანქანები მაინც არ ჩერდებოდნენ. ისეთი შეშინებული ვიყავი, დედას სულ ხელჩაკიდებული დავყვებოდი.
– შენი თვალით დანახული საქართველო ხან ცუდია, ხან კარგია…
თომა: ცუდი არ არის, უბრალოდ კანონების დაცვაა აუცილებელი, სკოლაში სულ ამას გვასწავლიან. დედა მეუბნება “შენი საკუთარი” ყველანაირი უნდა გიყვარდეს, კარგიც და ცუდიც, ხოდა მე საქართველო ყველანაირი მიყვარს იმიტომ რომ ჩემია, ჩემს გულშია ორივე “სამშობლო” საქართველოც და ამერიკაც.
– თომა, შენ ამერიკელი ხარ თუ ქართველი?
თომა: მე ვარ ქართველი ამერიკელი!