საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს მოუთხრო საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ და ევროკავშირს მოუწოდა, გააქტიურონ პროევროპული პროტესტის მხარდაჭერა.
სტრასბურგში ევროპარლამენტის 18 დეკემბრის სხდომა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. დასაწყისში მას მიესალმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, რომელმაც ზურაბიშვილის უკანასკნელი ვიზიტი გაიხსენა:
“როცა თქვენ აქაურობას უკანასკნელად ეწვიეთ, განვიხილეთ თქვენი ქვეყნის პროგრესი ჩვენს ევროპულ ოჯახში შემოსვლის კუთხით. დღეს ეს გზა საფრთხეშია. ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიას ოპოზიციის მიმართ და დემონსტრანტების დაპატიმრებას”, – თქვა მეცოლამ.
“ორი საქართველო არ არსებობს”
სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლა შექმნილი ვითარების აღწერით დაიწყო.
“ქართველები მასობრივად მხოლოდ მაშინ გადიან ქუჩაში, როცა გრძნობენ, რომ ეგზისტენციალური შეკითხვაა სასწორზე და დღეს სწორედ ასეა.
ეს ძალიან მშვიდობიანი მოძრაობაა, ფართო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, რომელიც ორ რამეს ითხოვს:
დამიბრუნეთ ხმა – მოპარული არჩევნების გამო; დამიბრუნეთ ევროპული მომავალი – ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა”, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თანახმად, ქართველები იქამდე არ გაჩერდებიან, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები:
“იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი დემოკრატიული პოლიტიკური გამოსავალი ამ სიტუაციიდან”.
მან ასევე სიცრუე უწოდა მოსაზრებას, რომ საქართველო ორ ნაწილადაა გახლეჩილი და სამოქალაქო დაპირისპირების რისკი მაღალია. მისი თქმით, “ერთ მხარესაა ქართველი ხალხი და მეორე მხარეს ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი”.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ზურაბიშვილმა “რუსულ არჩევნებად” მოიხსენია. პრეზიდენტის თანახმად, ეს იყო “სისტემურად გაყალბებული” არჩევნები, “ძალიან დახვეწილი, ჩვეულებრივზე ბევრად შორს წასული გაყალბება”.
“ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი გაყალბება, რასაც შეიძლება ელოდე. საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი”, – თქვა ზურაბიშვილმა.
“ვინც აკონტროლებს თბილისს, აკონტროლებს კავკასიას”
სალომე ზურაბიშვილმა გააქტიურებისკენ მოუწოდა ევროპელ პოლიტიკოსებს.
“ეს თქვენც გეხებათ. ეს ეხება ევროპას. პირველყოვლისა, ევროპის სანდოობას. ევროპამ არ უნდა დაუშვას, ყველა დემოკრატიული წესისა და ნორმის გათელვის უფლება მისცეს ქვეყანას, რომელმაც სულ ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი”.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანია ევროპის სტრატეგიული ინტერესებისთვის.
“საქართველო იყო, არის და დარწმუნებული ვარ, იქნება ევროპის ერთადერთი დასაყრდენი რეგიონში, რომლის წაღებასაც რუსეთი ცდილობს, რადგან რუსეთს ახსოვს, იმპერიის დროს როგორ ამბობდნენ გენერლები: “ვინც აკონტროლებს თბილისს, აკონტროლებს კავკასიას”. რუსეთი ამის შემდეგ არ შეცვლილა”, – უთხრა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს.
პრეზიდენტის თანახმად, საქართველო ევროპისთვის იმ “გლობალური ბრძოლის” ნაწილია, რომელსაც რუსეთი მის წინააღმდეგ აწარმოებს:
“მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში წააგო, საქართველოში უნდა მოიგოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინა ვერ დაიმორჩილა, საქართველოში უნდა მოიგოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოლდოვაში წააგო, საქართველოში უნდა მოიგოს? მას შემდეგ, რაც რუმინეთში წააგო და იმედი მაქვს, ისევ წააგებს, საქართველოში უნდა მოიგოს?!”
ზურაბიშვილმა ევროკავშირი უმოქმედობის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ქართველები ევროპისგან მეტს ელიან.
“თუ გულახდილები ვიქნებით, ევროპა ჯერჯერობით არ დგას მოწოდების სიმაღლეზე. ევროპა ჯერჯერობით მხოლოდ სანახევროდ გაუმკლავდა გამოწვევას. საგარეო საქმეთა ბოლო საბჭო პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება და უნდა გაკეთდეს.
დეტალებში არ შევალ, რადგან ეს თქვენი თავისუფალი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ყველამ იცით, რომ როცა ქართველები დღე და ღამე იბრძოდნენ, ევროპა ნელა იღვიძებდა და ნელა რეაგირებდა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
“უნდა გამოიყენოთ ბერკეტები”
სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ჩამოთვალა, რისი გაკეთება შეუძლია, მისი აზრით, ევროკავშირს საქართველოში მიმდინარე პროტესტის დასახმარებლად.
“ჩვენ გვჭირდება მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი დონიდან”, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამ კონტექსტში, მან გამოყო ევროპარლამენტარების უკანასკნელი ვიზიტი თბილისში და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბოლოდროინდელი აქტიურობა საქართველოსთან დაკავშირებით.
სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირს დახმარება სთხოვა აქციებისას დაკავებული ასობით ადამიანის გათავისუფლებაში.
“ძალიან ახლო მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს”, – თქვა ზურაბიშვილმა დაკავებულების საქმეებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა ევროკავშირს ახალი არჩევნების ჩატარებაშიც სთხოვა დახმარება:
“გვჭირდება, რომ ევროპამ მხარი დაუჭიროს [ახალ არჩევნებს], როგორც ერთადერთ გამოსავალს. სხვა გზა არაა”.
“ევროპამ უნდა იპოვოს სამოქმედო ბერკეტები. თუ ევროპას 3,7-მილიონიან ქვეყანაზე არ შეუძლია გავლენის მოხდენა, როგორ უნდა გაუმკლავდეს 21-ე საუკუნის გიგანტებს?” – იკითხა სალომე ზურაბიშვილმა.
უკვე რამდენიმე დღეა, საქართველო ევროკავშირის ყურადღების ცენტრშია.
16 დეკემბრის შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირი იწყებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურას და ამ ეტაპზე არ უწესებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს „ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის უკან დგანან“.
თუმცა ამ ეტაპზე ევროკავშირი იმაზე შეთანხმდა, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდებათ.
„გვქონდა ძალიან მწვავე დისკუსია და იყო სურვილი, მეტი გაკეთებულიყო, – განაცხადა კაია კალასმა, – ბევრმა თქვა, შევხედოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და მზად ვართ, დამატებითი ნაბიჯები გადავდგათო“.
17 დეკემბერს ევროპარლამენტში გაიმართა საქართველოს შესახებ დებატები, რომელზეც ევროპარლამენტარების ნაწილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა “ქართული ოცნების” ხელისუფლება და საქართველოში განვითარებული მოვლენების პასუხად, ევროკავშირის უწყებებს უფრო მკაცრი ზომების გატარება მოსთხოვა.
21-ე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
ფორუმი